რუსული ოქრო

არაბთა გაერთიანებული საამიროები რუსული ოქროს უმსხვილესი იმპორტიორი გახდა

ციმბირის ქალაქი, კრასნოიარსკი, რუსეთი. 2023 წლის 31 იანვარი
REUTERS/Alexander Manzyuk/File Photo

რუსეთზე დაწესებული დასავლეთის სანქციების შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროები რუსული ოქროს უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის საბაჟო ჩანაწერებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჩანაწერებში ნათქვამია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 75.7 ტონა რუსული ოქრო შევიდა, რაც $4.3 მილიარდის ღირებულებისაა. ამავე ინფორმაციით, 2021 წელს საამიროებში 1.3 ტონა რუსული ოქრო იყო იმპორტირებული. 

ამასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროების შემდეგ ჩინეთი და თურქეთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 მარტამდე თითოეულმა 20-20 ტონა რუსული ოქრო შეიძინა. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, ამ პერიოდის საბაჟო მონაცემებში რუსული ოქროს ექსპორტის 99.8% ამ სამ ქვეყანაზე მოდიოდა.

Reuters-ი წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბევრმა საერთაშორისო ბანკმა, ლოჯისტიკის მომწოდებლებმა და ძვირფასი ლითონის გადამამუშავებელმა მწარმოებლებმა შეწყვიტეს რუსული ოქროს დამუშავება, რომელიც, როგორც წესი, ლონდონში, ოქროს ვაჭრობისა და შენახვის ცენტრში იგზავნებოდა.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის საექსპორტო ჩანაწერები აჩვენებს, რომ რუსმა ოქროს მწარმოებლებმა მალევე იპოვეს ახალი ბაზრები იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოსკოვზე სანქციები არ დაუწესებიათ. ამ ქვეყნებს შორის არიან არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თურქეთი და ჩინეთი.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ოქროს მოპოვების ექსპერტის, ლუი მარეჩალის თქმით, არსებობს რისკი, რომ რუსული ოქრო გადამუშავებული სახით აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე, სანქციების მიუხედავად, მაინც გავიდეს.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა გაფრთხილება მისცა ქვეყნებს, მათ შორის არაბეთის გაერთიანებული საამიროებსა და თურქეთს, რომ შესაძლოა, დაკარგონ წვდომა G7-ის ბაზრებზე, თუ ისინი ბიზნესს აშშ-ს სანქციებს დაქვემდებარებულ სუბიექტებთან აწარმოებენ.

როგორც სააგენტო წერს, Reuters-ის მიერ გაანალიზებული მონაცემები არ მიუთითებს იმას, რომ ამ ქვეყნების (საამიროები და თურქეთი) მიერ აშშ-ის დაწესებული სანქციები დაირღვა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე წლის 3 მარტამდე რუსეთმა ექსპორტზე 116.3 ტონა ოქრო გაიტანა, ხოლო საკონსულტაციო ფირმა Metals Focus-ის შეფასებით, რუსეთმა 2022 წელს ჯამში 325 ტონა ოქრო აწარმოა. 

კომენტარები