ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა

ბულგარეთში გადასაზიდად 77 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი შემოიტანა – პირს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ირანის მოქალაქეს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული სატვირთო ავტომანქანა ჩამოერთვა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის კარებში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, 2023 წელს საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 77,175 კგ. ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი ნივთიერება, რომლის გადაზიდვასაც ბულგარეთის მიმართულებით ახორციელებდა. ამავდროულად, ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკულ საშუალება  -"ბუპრენორფინის" შემცველ აბებს პირადად ინახავდა". - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.  

პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) წარედგინა.

კომენტარები