სტიქია იმერეთში

ბეგიაშვილი: ასეთი ინფორმაცია, რომ ნერგეეთი მეწყერსაშიში ზონაა, არ ყოფილა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის თქმით, ასეთი ინფორმაცია, რომ ნერგეეთი მეწყერსაშიში ზონაა, არ ყოფილა. 

"ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, მაგრამ აქ ათწლეულები ცხოვრობდა ხალხი და ამდაგვარი არაფერი არ ახსოვთ და ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა" - ამბობს ილია ბეგიაშვილი. 

დღეს, 7 თებერვალს, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენში, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო.

მათივე ცნობით, იმ სოფლებს შორის, რომლებიც მოსალოდნელი სტიქიის ზონად არის მონიშნული, დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც. 

ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. 

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. 

ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს ერთი მოქალაქე, ეძებენ კიდევ 5 ადამიანს, მათ შორის, არასრულწლოვნებს. 

"სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები" - აცხადებს შსს.

 

კომენტარები