რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024

ნადეჟდინს რუსეთის ცესკომ ხელმოწერების 15% გაუბათილა, რაც მის რეგისტრაციას ხელს უშლის

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ბორის ნადეჟდინი
Ria

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო პრეზიდენტობის კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის ხელმოწერების 15%. ამის შესახებ ინფორმაციას ნადეჟდინის საარჩევნო შტაბის წევრები ავრცელებენ.

"კომისიის სხდომა დასრულდა, გამოვიტანე საბუთები, 15.348% ბათილად ცნეს, წინ ორი უძილო ღამე მელოდება". – წერს ნადეჟდინის შტაბის წევრი იგორ არტემიევი.

ამჟამინდელი კანონმდებლობით კანდიდატის ხელმოწერების მხოლოდ 5%-ის ბათილად ცნობაა დასაშვები. რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკო ნადეჟდინის კანდიდატურის მოხსნის უფლებას იტოვებს.

ნადეჟდინმა თქვა, რომ მზად არის იბრძოლოს ხელმოწერებისთვის:

"9209 ბათილი ხელმოწერიდან საკმარისია დაახლოებით 4500 ხელმოწერის ხელიდან გამოგლეჯა". 

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში ის უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

გამოცემა 7x7-ის ცნობით, ცესკომ 2500 ხელმოწერა გააუქმა, იმიტომ რომ ხელმოწერების გასწვრივ თარიღები მოგვიანებით იყო ჩაწერილი.

ცესკო ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა, ბორის ნადეჟდინი არჩევნებში მონაწილეობას, 7 თებერვალს გაასაჯაროებს.

ნადეჟდინი პარტია სამოქალაქო ინიციატივის ლიდერია. ოპოზიციონერი პოლიტიკოს ღიად აკრიტიკებს პუტინს და უკრაინაში ომის დაწყებას დღევანდელი ხელისუფლების შეცდომად მიიჩნევს.

კომენტარები