რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024

"რუსეთი სუვერენიტეტს ძეხვზე არ გაცვლის" – პუტინმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

ვლადიმირ პუტინი პარტია "ერთიანი რუსეთის" ყრილობაზე, 2023 წლის 17 დეკემბერი.
Сергей Гунеев/РИА Новости

ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა პარტია ერთიანი რუსეთის ყრილობაზე, რომლის ფარგლებშიც მისი კანდიდატურის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წამოყენებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

პუტინის თქმით, რუსეთი სუვერენიტეტს ძეხვზე არ გაცვლის და იქნებიან სუვერენულები, ან არსებობას შეწყვეტენ.

"რუსეთს არ შეუძლია ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვიღაცის სატელიტი გახდეს. უნდა გვესმოდეს და არასდროს დავივიწყოთ, ჩვენს ბავშვებსაც მივუთითოთ - რუსეთი ან იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან საერთოდ არ იქნება". – თქვა პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთს რუსეთის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოშლა და შიდა არეულობის დათესვა სურს.

"მინდოდა განსაკუთრებით გამესვა ხაზი. ჩვენს წინააღმდეგ ნამდვილი აგრესიის გაჩაღებით, რაც თანდათან იზრდებოდა, წლიდან წლამდე, დასავლეთის ელიტები იმედოვნებდნენ არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს ჩამოშლას, არამედ ჩვენი პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი სისტემის დანგრევასაც. მათ ეგონათ და ახლაც ჰგონიათ, რომ შეძლებენ ჩვენთან შიდა არეულობის დანერგვას. ასეთი დესტაბილიზაციის მეთოდები კარგადაა ცნობილი და უკვე არაერთხელ გამოცადეს დასავლურმა ელიტებმა მსოფლიოს მრავალ რეგიონში ე.წ. ფერადი გადატრიალებების სახით". – დაამატა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა პარტია ერთიან რუსეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

ამას გარდა, პუტინის თქმით, "ნორმალურია" რომ რუსეთში გარკვეული გადაუჭრელი პრობლემები აქვთ.

"თქვენ იცით რა ხდება ადგილზე... კარგად გესმით, რომ ამოცანები, გადაუჭრელი პრობლემები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ეს ცნობილი საკითხია. საკმარისია ნაბიჯი გადადგა წინ, გადაჭრა რაიმე ამოცანა, მყისიერად ჩნდება ორი, სამი, ოთხი, ხუთი ახალი. ეს ნორმალურია. არაა საჭირო იმის თქმა, ჩვენ ასე გავაკეთეთ, ხალხი კი რაღაცით უკმაყოფილოა და კიდევ რაღაც უნდათო. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ამოცანები თოვლის გუნდასავით იზრდება. ჩვენ ხომ რუსეთი ვართ, ჩვენ ხომ ზამთრის ქვეყანა ვართ, ჩვენ გვიყვარს თოვლი, ნახეთ რამდენი თოვლი დაგვიგროვდა. ყველას ვთხოვ, ეს გაითვალისწინოს". – თქვა პუტინმა.

აქამდე, გასულ დღეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ზარადიეს საკონცერტო დარბაზში შეიკრიბა და საპრეზიდენტო არჩევნებზე  ვლადიმირ პუტინის კანდიდატურის წამოყენებას მხარი ერთხმად დაუჭირა. ჯგუფში შედიოდნენ რეჟიმის ცნობილი პროპაგანდისტი არტისტები და სპორტსმენები.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წლის 15-17 მარტს იგეგმება. გასულ დღეებში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის საკუთარ კანდიდატურას კვლავ წამოაყენებს.

დუმაში ირწმუნებიან, რომ NATO საქართველოში რუსეთის არჩევნებისთვის პროვოკატორებს ამზადებს

კომენტარები