თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩერგოლეიშვილი: თუ ჩვენი გზა არ გაძლიერდა, დანარჩენი ოპოზიციის გზა ბიძინას ვერ უგებს

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა  

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა Facebook-ლაივში უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა პარტია ტაქტიკურ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, იმისთვის, რომ "ხმები არ გაიფლანგოს".

"მე მესმის, რომ შეიძლება ბევრ ადამიანს ჩვენ მოვწონვართ, მაგრამ უნდოდეს და ელოდებოდეს იმას, რომ სადღაც გამოჩნდეს პარტია, იმისთვის, რომ ხმები არ გაიფლანგოს.

მიმაჩნია, რომ ჩვენ თუ არ გავძლიერდით და თუ არ გაგვაძლიერა ასეთმა ამომრჩეველმა და ხმები იანგარიშა - ამ ხალხმა უნდა გაგვაძლიეროს ვინც ფიქრობს ჩვენს მხარდაჭერას და საკმარისად ძლიერი არის თუ არა ამას უყურებს - 2028 წელსაც იგივე დილემის წინაშე აღმოჩნდებით, იმიტომ, რომ თუ ჩვენი [ევროპული საქართველოს] გზა არ გაძლიერდა, ის გზა, რაზეც დანარჩენი ოპოზიცია დგას, ბიძინას ვერ უგებს.[...]

ყველაფერი შეგვიძლია დავუშვათ, მაგრამ თუ იმ გზით არ იარეს, რა გზასაც ჩვენ ვთავაზობთ, სხვა პარტიებმაც თავ-თავისთვის, ჩვენთან ერთად კი არა, საკუთარი მხარდაჭერა არ გაზარდეს, შინაარსის გარშემო არ გააკეთეს ხალხის გალვანიზაცია, თავიანთი მხარდამჭერები თავიანთი შინაარსის გამავრცელებლად არ აქციეს და მორალური უპირატესობის პოზიციიდან არ დავდექით მთელი ოპოზიცია ოცნებასთან, ძალიან რთული იქნება არჩევნებში გამარჯვება". - აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებულ კვლევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პარტიის შინაარსზე ორწლიანი მუშაობის შემდეგ, რასაც თებერვლის ბოლოდან მაისის ბოლომდე ამ შინაარსის გასავრცელებლად დაგეგმილი ღონისძიებები მოჰყვება, ევროპული საქართველო საკუთარ კვლევას ჩაატარებს, რომელზე დაყრდნობითაც მომდევნო ნაბიჯებს განსაზღვრავენ.

"კვლევას რომ გავაკეთებთ, შევხედავთ. თუ გაირკვევა, რომ ჩვენი 4 პროცენტი - დავუშვათ 4 პროცენტი გვაქვს ან 3, ცუდ შემთხვევაში - ჩვენი 4 და 3 პროცენტი წყვეტს ბიძინას დამარცხების ამბავს, შევხედავთ, კიდევ ვის აქვს 4 და 3 პროცენტი და ყველაზე ახლოს შინაარსით ვინც დგას, ჩვენი პირობებით ალიანსს შევთავაზებთ. იმის ინტერესებშიც იქნება, ჩვენს ინტერესებშიც.

იმ შემთხვევაში, თუ ბიძინას იმდენი უპირატესობა აქვს, რომ ჩემი 4 პროცენტით არაფერი იცვლება, იმისთვის, რომ 2028 წელსაც იგივე დილემის წინაშე არ დავდგეთ, ყველა ვარიანტში, ჩვენ ჩვენი გზით სიარული დაგვჭირდება, იმიტომ, რომ ეს არის სწორი, ასე ამოვალთ ჭაობიდან და არა იმ სულელური ბლიცკრიგებით, რასაც დანარჩენი ოპოზიცია გვთავაზობს". - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები