ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ "სუპერ დიდი" ქობინის მქონე ფრთოსანი რაკეტა გამოცადეს

კიმ ჩენ ინი მამპჰოს გემთსაშენში
KCNA

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია ავრცელებს ცნობას, რომ 2 თებერვალს "სუპერ დიდი" ქობინის მქონე ფრთოსანი რაკეტა და ახალი ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გამოცადეს.

ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 3 თებერვალს გაავრცელა. აქამდე ერთი დღით ადრე სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთის მიერ რამდენიმე ფრთოსანი რაკეტის გაშვება დააფიქსირა. ეს 2024 წელში არის მეოთხე შემთხვევა, როცა ფხენიანი მსგავსი იარაღის გამოცდას ატარებს.

ჩრდილოეთ კორეული მედიის მიერ გავრცელებულ ფოროებში ჩანს დაბალ სიმაღლეზე მფრენი რაკეტა, რომელიც, ხმელეთიდან გაშვების შემდეგ, სანაპიროზე განთავსებულ შენობას ანადგურებს.

"სუპერ დიდი" ქობინის მქონე ფრთოსანი რაკეტის გამოცდის ფოტოები, რომლებიც KCNA-მ გაავრცელა

ქობინის ზომაზე ხაზგასმა შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ამ რაკეტების ბირთვული საბრძოლო მასალით შეიარაღებას გეგმავს.

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიას, კორეის სიახლეების ცენტრალურ სააგენტოს (KCNA) არ დაუზუსტებია თუ რამდენი რაკეტა გამოცადეს. მედია ირწმუნებოდა, რომ ეს იყო "ნორმალური აქტივობა" სამხედრო განვითარებისთვის და მეზობლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით შესაძლოა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესებით იხეიროს.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მოწოდება, რომ ომისთვის მზადება უნდა დააჩქარონ. გავრცელებულ დაუთარიღებელ ფოტოებში ის ნამპჰოში მდებარე გემთსაშენს ათვალიერებდა.

იანვარში ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა ორი ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც წყალქვეშა ნავებზე განსათავსებლად იყო განკუთვნილი. კიმ ჩენ ინმა მაშინ აღნიშნა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბირთვული შეიარაღების მქონე საზღვაო ძალების შესაქმნელად. ამას გარდა გამოცადეს შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა, რომელზეც ირწმუნებიან, რომ ბირთვული შესაძლებლობის მქონეა და 2 000-ზე მეტი კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ფრთოსანი რაკეტების გაშვებამდე, 14 იანვარს ფხენიანმა გამოცადა საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებიც.


ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეის ქმედებებმა რეგიონში არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება განაპირობა. 2023 წლის ბოლოს ჩრდ. კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რომელთაგანაც ერთ-ერთი 15 000 კილომეტრის რადიუსის მქონე იყო. ხოლო იანვრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ ორი დღის განმავლობაში საზღვართან 260-მდე ჭურვი ისროლა, რის საპასუხოდაც სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს.

13 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერ წინდაუხედავ ქმედებას, სამხრეთ კორეის მხრიდან "ჯოჯოხეთური განადგურება" მოჰყვება.

კომენტარები