რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO-ს ინფორმაციით, უკრაინა 150 კმ.-ზე მოქმედ GLSDB-ებს 31 იანვარს მიიღებს

U.S. Air Force photo by Alejandro Peña

როგორც მედია POLITICO ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, პენტაგონმა წარმატებით გამოსცადა ახალი შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის ბომბი, რომელსაც უკრაინა 31 იანვრისთვის მიიღებს.

POLITICO-სთან ოთხმა ანონიმურმა პირმა დაადასტურა, რომ უკრაინა 31 იანვარს მიიღებს სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბებს - Ground-Launched Small Diameter Bomb (GLSDB). ეს იარაღი, რომელზეც კომპანია Boeing-ი და Saab-ი მუშაობდა, ჯერჯერობით აშშ-ს შეიარაღებაშიც კი არ შედის. ეს იარაღი მოიცავს მაღალი სიზუსტის დაახლოებით 110-კილოიან ბომბს, რომელსაც გააჩნია რაკეტის ძრავა და შესაძლებელია მისი ხმელეთიდან გაშვება. აშშ-ს შეიარაღებაში ამ დანადგარის საჰაერო ვერსია გააჩნია, თუმცა მიწაზე განსათავსებელი SDB-ები ჯერჯერობით არ აქვთ.

GLSDB-ის მოქმედების რადიუსი, არსებული ინფორმაციით, 90 მილი, ანუ დაახლოებით 145 კილომეტრია.

POLITICO-სთან საუბარში ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ იარაღი უკრაინელებს მისცემს საშუალებას მიიტანონ უფრო ღრმა იერიშები.

უკრაინა იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ამ იარაღს ბრძოლის ველზე გამოცდის. GLSDB-ებს ელოდებიან ტაივანშიც. ამ საბრძოლო მასალის გაშვება შესაძლებელია HIMARS-ისა და MLRS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

უკრაინისთვის ამ იარაღის გადაცემის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში მიიღეს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მასზე მუშაობა მიმდინარეობდა. ამ იარაღის მიწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, როცა აშშ-ს უკრაინისთვის დახმარება შესაბამისი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო შეჩერებული აქვს.

6 დეკემბერს აშშ-ს სენატში დაიბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავდა. მის მომდევნო განხილვაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც არ აპირებენ ფინანსების გამოყოფას ხმა მისცენ მანამ, სანამ მიგრაციის პოლიტიკისა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა არ შესრულდება.

კომენტარები