პერუ

დემონსტრანტებმა პერუში მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს

REUTERS/Alessandro Cinque

ბილეთების გაყიდვის ახალი სისტემის გამო პერუში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობამდე, მაჩუ-პიქჩუმდე მიმავალი სარკინიგზო გზა დაბლოკეს.

ანდების მთებში მდებარე უძველეს ნამოსახლარამდე მატარებლით მიმოსვლა 27 იანვრიდან არის შეჩერებული. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მაჩუ-პიქჩუსკენ გზა არც 29 დეკემბერს გახსნილა.

საპროტესტო გამოსვლებმა, რომელიც გასულ კვირაში დაიწყო, ასობით ტურისტი შეაფერხა. ისინი მაჩუ-პიქჩუმდე ასვლას ვერ ახერხებენ. შედეგად, დემონსტრაციები ქვეყნის ტურისტული სფეროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.

დემონსტრაციების შესაწყვეტად, პერუს მთავრობა აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კულტურის მინისტრი ლესლი ურტეაგა კვირას რეგიონში გაემგზავრა, თუმცა სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

პერუში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ახალი ელექტრონული ბილეთების გაყიდვის პლატფორმა შექმნა. მაჩუ-პიქჩუს თემის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ეს სისტემა ადგილობრივ ბიზნესს გაყიდვების "პრივატიზებით" და მოგების ერთი კომპანიისკენ მიმართვით დააზარალებს.

საპირისპიროდ, მთავრობა ამტკიცებს, რომ პლატფორმა, რომელიც იანვრიდანაა ხელმისაწვდომი, ვიზიტორთა რაოდენობის მართვას გააუმჯობესებს.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში პერუს მთავრობამ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, ინკების რელიგიური კომპლექსის, მაჩუ-პიქჩუს სამი ლოკაცია ჩაკეტა. მიზეზად დასახელდა ლოკაციებზე არსებული ძეგლების გაუარესებული მდგომარეობა, რაც ვიზიტორების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია.

კომენტარები