ევროკავშირი-რუსეთი

2023 წელს ევროკავშირმა რუსეთისგან გათხევადებული გაზის შესყიდვა 40%-ით გაზარდა – კვლევა

რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის გადამზიდი გემი ტვირთს ბილბაოს პორტში, ესპანეთში ცვლის. 2022 წლის მარტი.
Vincent West/Reuters/The Guardian

2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდება წინა წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ანტიკორუფციულ ჯგუფის, Global Witness-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ბაზარზე არსებული გათხევადებული ბუნებრივი აირის ნახევარზე მეტი იყიდეს. 

"რუსული ბუნებრივი აირის ყიდვას იგივე გავლენა აქვს, რაც რუსული ნავთობის ყიდვას. ორივე აფინანსებს უკრაინის ომს, ხოლო ყოველი ევრო ნიშნავს მეტ სისხლისღვრას. მაშინ, როცა ევროპული ქვეყნები გმობენ ომს, ისინი ფულს პუტინს უჯიბავენ". - ამბობს Global Witness-ის ანალიტიკოსი, ჯონათან ნორონია-განტი.

Global Witness-ის ანგარიშის თანახმად, ჩინეთის შემდეგ ესპანეთი და ბელგია რუსული გათხევადებული აირის უმსხვილესი იმპორტიორები გახდნენ.

Global Witness-ში ამტკიცებენ, რომ რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენა უკრაინაში ომის გაგრძელებას აფინანსებს. 2023 წელს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებიდან თხევადი აირის გაყიდვით დაახლოებით 5.3 მილიარდი ევრო გამოიმუშავა. აქამდე არსებული სტატისტიკით კი, გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვები რუსეთიდან გაიზარდა 2022 წელს, როდესაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა უკვე დაწყებული იყო.

ამერიკის ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ 2022 წელს რუსეთი აშშ-სა და კატარის შემდეგ ევროკავშირისთვის გათხევადებული ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო. ამ დროისთვის კი საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები ევროპაში რუსული გაზის მთავარი მყიდველები იყვნენ.

ევროკავშირმა რუსული ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე სანქციები გასული წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დააწესა. ევროკავშირმა რუსეთს წევრ ქვეყნებში გაზის შენახვა აუკრძალა, პარალელურად კი, ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირების შესაძლებლობა შეუზღუდა. 

კომენტარები