ევროკავშირი-რუსეთი

Financial Times: ევროკავშირი რუსულ და ბელარუსულ მარცვლეულზე ტარიფების დაწესებას აპირებს

huffpost.com

Financial Times-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისა და ბელარუსისთვის მარცვლეულის იმპორტზე ტარიფების დაწესებას აპირებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც ევროკავშირი რუსეთს საკვებ პროდუქტზე შეზღუდვებს დაუწესებს.

ევროკავშირი ამ ნაბიჯისგან დიდხანს იკავებდა თავს იმის შიშით, რომ მსგავსი შეზღუდვების დაწესება, პირველ რიგში, განვითარებად ქვეყნებს დააზიანებს. 

Financial Times-ის წყაროების მიხედვით, ევროკომისია გეგმავს მომდევნო დღეებში ერთ ტონაზე 95 ტარიფის დაწესებას რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსულ მარცვლეულზე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს რუსეთიდან მარცვლეულის, ზეთის თესლებისა და მისგან ნაწარმოები პროდუქციის იმპორტმა ევროკავშირში რეკორდული, 4 მილიონი ტონა შეადგინა.

რუსეთისთვის საკვებ პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესებას აქამდე ბალტიის ქვეყნები ითხოვდნენ. ლატვიამ თებერვალში რუსეთსა და ბელარუსიდან საკვები პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვა დააწესა, ხოლო ლიტვამ სატვირთოების მკაცრი შემოწმება დაიწყო.

ევროკავშირის სოფლის მეურნეობის კომისარმა, იანუშ ვოიჩეხოვსკიმ გასულ კვირას აღნიშნა, რომ "როდესაც რუსეთი საკვებს იყენებს როგორც იარაღს, ჩვენ ამაზე უნდა გვქონდეს რეაგირება". 

კომენტარები