თბილისის მერია

ძალიან მაგარი ტემპია, ყველაფერს მალე დავამთავრებთ – კალაძე წერეთელზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში წერეთლის გამზირზე მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს იმისთვის, რომ 1 თებერვლისთვის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად იყოს შესაძლებელი. ასფალტის დაგების გარდა, კალაძემ იმ სხვა სამუშაოების შესახებაც ისაუბრა, რომელიც წერეთელზე მიმდინარეობს.

"მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილი და განახლებულია [...] ასფალტის ბოლო საფარი პირდაპირ საკომუნიკაციო ჭების თავზე იქნება მიერთებული, რათა მანქანებს გადაადგილების დროს დისკომფორტი არ შეექმნას [...] ასევე, დამონტაჟდა განათების ახალი ბოძები, რომლის ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ ჩავა. ყველა პროექტზე, სადაც რეაბილიტაციით შევდივართ, ერთნაირი მიდგომა გვაქვს - ახალი დიზაინის, თანამედროვე, ულამაზესი, კეთილმოწყობილი, გამწვანებული ქუჩები - ქვეითად მოსიარულეებზე მორგებული, თავისი ზებრა გადასასვლელებითა და საავტობუსე ზოლებით.

პარალელურად, გამწვანებისა და ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. ძალიან მაგარი ტემპია და ყველაფერს მალე დავამთავრებთ. ყველანაირად მაგარი გამზირი გამოვა". - თქვა კალაძემ წერეთლის გამზირიდან Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

კალაძის თქმით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად, დაპირებისამებრ, 1-ლი თებერვლისთვის აღდგება.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასასრულებლად, 16 იანვარს თბილისის მერიამ 4 ახალ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. კალაძის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ეს კომპანიებია: ენკოპარმაჯეი გრუპი და ბლექ სი გრუპი.

იქამდე, 15 იანვარს თბილისის მერიამ ხელშეკრულებები წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს, შპს ერ ტე დესა და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს შეუწყვიტა.

მერია შპს ერ ტე დეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, დაფიქსირდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების არწარმოების არაერთი შემთხვევა, ასევე, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შემოწმების დროს, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის იანვრის პერიოდში, 11 ფაქტი იყო, როცა კომპანია ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებდა. 

"შპს ერ ტე დეს მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერს მერია კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

მერია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს შპს მილენიუმ ბილდერს გრუპსაც. უწყების ცნობით, ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა სამუშაოების არ წარმოებასა (8-ჯერ) და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენას.

"შპს მილენიუმ ბილდერ გრუპის მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერია მერიის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში. 

მერიამ ორივე კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაუწესა.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო.

კომენტარები