მონა ლიზა

ეკოაქტივისტებმა ლუვრში მონა ლიზას წვნიანი შეასხეს და ჯანსაღი კვების უფლება მოითხოვეს

ეკოაქტივისტები ასხამენ სუპს "მონა ლიზას"
AFP

პარიზში, ლუვრის მუზეუმში, ეკოაქტივისტებმა ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას წვნიანი შეასხეს და ჯანსაღ საკვებზე უფლება მოითხოვეს. ნახატი გამჭვირვალე ტყვიაგამძლე მინით იყო დაცული. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნახატს წვნიანს ორი ქალი ასხამს, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით Riposte Alimentaire, რაც მოძრაობის სახელია და "საკვებზე რეაქციას" ნიშნავს. 

აქტივისტები ნახატის წინ დადგნენ და "ჯანსაღი და მდგრადი საკვების" უფლებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, "სოფლის მეურნეობის სისტემა დაავადებულია". 

პარალელურად, ბოლო დღეებში პარიზში ფერმერთა აქციები მიმდინარეობს. ისინი საწვავის მზარდ ფასებს აპროტესტებენ და რეგულაციების გამარტივებისაკენ მოუწოდებენ.

მანამდე, 2022 წელს, პლანეტის დაცვის მოთხოვნით, ეკოაქტივისტმა მონა ლიზას ტორტი ესროლა.

ნახატი დამცავი შუშის მიღმა 1950-იანი წლებიდან არის მოთავსებული, როცა ერთ-ერთმა მნახველმა მჟავის დასხმით დააზიანა. 2019 წელს, მუზეუმის თქმით, ტყვიაგამძლე მინის უფრო გამჭვირვალე ვარაინტით ჩაანაცვლეს. 

კომენტარები