რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხორვატია პრორუსი მედვედჩუკისთვის ჩამორთმეულ იახტას უკრაინას გადასცემს

Feadship

ხორვატიის ქალაქ სპლიტის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკისთვის, ჩამორთმეული იახტა, Royal Romance, უკრაინას გადაეცემა

"მიღებულია დასტური, რომ ხორვატია უკრაინისთვის გემის უმოკლეს ვადაში გადაცემას მოელის. ხორვატიული მხარის აზრით, ამ განზრახვის შესასრულებლად არანაირი წინაღობა არ არსებობს". - თქვა აქტივების ძიებისა და მართვის ეროვნულ სააგენტოს (ARMA) ხელმძღვანელმა, ოლენა დუმამ. 

როგორც დუმამ განმარტა, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, ფრანო მატუშიჩის თქმით, საქალაქო სასამართლომ გემის გადაცემა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების საფუძველზე გადაწყვიტა.

ამასთან, დუმა ხორვატიულ მედიაში იახტის გამგზავრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და პანიკისთვის თავის არიდებისაკენ მოუწოდა. 

"მთავარია, პანიკა არ იყოს. ARMA საკითხს განსაკუთრებულად აკონტროლებს და სანდო ინფორმაციას ფლობს იმის შესახებ, რომ ჩამორთმეული იახტა 2024 წლის 25 იანვარს დროებით დაიძრა მისი ტექნიკური შესაძლებლობები, ტივტივის უნარისა და ძრავის გამართულობის შესამოწმებლად.  კანონიერების უზრუნველსაყოფად ტექნიკური დათვალიერებას პორტის კაპიტანი ხორვატიის პოლიციასთან ერთად აკვირდება". - თქვა დუმამ. 

დუმამ დაამატა, რომ ARMA-მ აქტივის ხელახალ შემოწმებაზე თანხმობა მიიღო და შეფასების ჩატარების შემდეგ, აქტივის რეალიზებას გეგმავს. ამ გემის გაყიდვა საზღვარს იქით ჩამორთმეული აქტივების რეალიზების პირველი შემთხვევა იქნება. 

ჩამორთმეული იახტა, Royal Romance, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია და $200 მილიონად ფასდება. გემი ხუთსართულიანია და მისი სიგრძე 92,5 მეტრს შეადგენს. 


მილიონერი და პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია 2014 წლის მაიდანის შემდეგ უკრაინაში ყველაზე დიდი პრორუსული ძალის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. არჩევნებში მისმა მხარდამჭერებმა ხმების დაახლოებით 10%-ს მიაღწიეს. 2021 წელს უკრაინის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ღალატის ბრალდებით საქმე აღძრა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 2022 წლის 12 აპრილს დააკავა. ლვოვის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკოსს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეუფარდა.  უკრაინის სასამართლომ პრორუს ოლიგარქს, მის ცოლს, ოქსანა მარჩენკოს რუსეთის ფედერაციიდან კონტროლირებადი აქტივები ჩამოართვა. სექტემბერში, უკრაინამ მედვედჩუკი სამხედრო ტყვეებში გაცვალა. 

კომენტარები