მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, ფსიქოლოგიურად იგივე რჩება - წულაძე

სააკაშვილი/ სასამართლო პროცესიდან

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა ვივამედში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

კონსილიუმის წევრის, ნევროლოგი თენგიზ წულაძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, რაც გამოიხატება წონაში მატებაში, თუმცა მისივე თქმით, ფსიქოლოგიური მდგომარეობა იგივე რჩება.

"ბატონი მიხეილის მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისევ იგივე რჩება, ნევროლოგიურიც, მაგრამ სომატური სტატუსი გაუმჯობესებულია, რაც ნიშნავს, რომ წონაში მოიმატა ცოტა, 77 კილოა უკვე, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სასიცოცხლო ფუნქციებს საფრთხე არ ემუქრება, რაშიც დიდი როლი ითამაშეს, რა თქმა უნდა, კლინიკა ვივამედის თანამშრომლებმა, მის ასე დასტაბილურებაში. მაგრამ რაც შეეხება ნევროლოგიურ სტატუსს, დაახლოებით იგივე რჩება, როგორიც იყო. როგორც ჩანს, დაზიანება, რომელიც თავიდანვე იყო საკმაოდ მძლავრი და ის ბიოლოგიური მდგომარეობა ძალიან სწრაფად არ უმჯობესდება ხოლმე, ხოლო ფსიქოლოგიური სტატუსი ასევე იგივე მდგომარეობაში რჩება, მას კვლავ აღენიშნება შფოთვაც, ფორიაქიც, დეპრესიული განწყობაც და ეს მდგომარეობა გრძელდება. ფსიქოლოგიურად არასტაბილურად მიგვაჩნია ისევ და ისევ პაციენტი - მისი მკურნალობა მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, რეზისტენტულია ამ მკურნალობის მიმართ". - ამბობს წულაძე ტელეკომპანია მთავარის ეთერში.

მისივე თქმით, მდგომარეობის გაუმჯობესებას მათ შორის, ხელს შეუწყობს ისიც, თუ სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროპული საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. წულაძე ამბობს, რომ ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი და შესაძლოა, ავადმყოფობა იმდენად რეზისტენტული იყოს, რომ ეს არასაკმარისი აღმოჩნდეს, თუმცა რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა მისი თქმით, მნიშვნელოვნად ხელის შემშლელია.

"არსებულ ვითარებაში არ ხერხდება ის, რაც აღნიშნულია CPT-ს ანგარიშში - ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზემოქმედება, ფსიქიატრიული ადეკვატური მკურნალობა არასაკმარისია, მას მუდმივად სჭირდება ფსიქოლოგიური ინტერვენცია, ფსიქოთერაპია და სხვა ფსიქოლოგიური ინტერვენციები, რომლებიც ვერ ხერხდება არსებულ მდგომარეობაში, როგორც არის ბატონი მიხეილი". - ამბობს წულაძე.

კითხვაზე, არის თუ არა კონსილიუმის რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება, წულაძე ამბობს, რომ ეს საკითხი არ არის მათი მანდატი და ამის შესახებ კითხვა ვივამედის სამედიცინო ხელმძღვანელობას უნდა დაუსვან, თუმცა მისივე განცხადებით, ის თუ იქნებოდა სააკაშვილის მკურნალი ექიმი, "ამ ეტაპზე მე მას არ შევუცვლიდი ადგილს".

ევროპული საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა [CPT] საქართველოში ვიზიტის შესახებ, 18 იანვარს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც კლინიკა ვივამედის დაცულ პალატებში მყოფი პატიმრების მდგომარეობაა განხილული. მათ შორის არის საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ანონიმურობის დაცვის მიზნით დოკუმენტში "Mr. C"-დ არის მოხსენიებული.

კომენტარები