უკრაინა მიმდინარე წლის ზაფხულზე ან შემოდგომაზე ატომური ენერგიის 4 რეაქტორის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ Reuters-თან ისაუბრა.
ორი ბლოკი - რომელიც რეაქტორებს და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობასაც მოიცავს - რუსული წარმოების, ბულგარეთიდან იმპორტირებული ტექნოლოგიებით აშენდება, დანარჩენი ორისთვის კი Westinghouse-ის დასავლურ აღჭურვილობას გამოიყენებენ.
გალუშენკოს ინფორმაციით, ოთხივე რეაქტორი აშენდება ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე, სადაც ახლა 2 რეაქტორია. მისივე თქმით, ბულგარეთიდან შესაბამისი ტექნოლოგიების მიღების შემთხვევაში, მშენებლობის პროცესი 2.5 წელიწადში დასრულდება.
"მე-3 და მე-4 [ბლოკებით] ჩვენ გვინდა ზაპოროჟიეს კომპენსირება და ახლა ორ რეაქტორზე, რომელთა მიღებაც გვინდა, ბულგარელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ". - თქვა გალუშენკომ.
საბჭოთა პერიოდის VVER-1000-ის ტიპის რეაქტორების მშენებლობის პარალელურად, უკრაინას მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოების დაწყება ორი თანამედროვე დასავლური AP-1000-ის გასავითარებლადაც სურს.
"ჩვენ უნდა მივიღოთ კანონმდებლობა და გვაქვს კანონპროექტები მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ბლოკებზე, ეს არის VVER-1000-ები, მე-5 და მე-6 გვინდა ავაშენოთ AP ტიპის. ეს არის პარალელური პროცესი". - აღნიშნა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.
ხმელნიცკის მე-3 და მე-4 რეაქტორების მშენებლობა 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით პროცესი გაიყინა.
1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკრაინამ სამი ახალი ბირთვული რეაქტორი ააშენა - თითო ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის და რივნეს ატომურ ელექტროსადგურებზე.
დღეს ეს სამი ატომური ელექტროსადგური უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების 55%-ზე მეტს აწარმოებს, თუმცა, კიევს რუსეთის მიერ ოკუპირებული, ზაპოროჟიეში მდებარე ევროპის უმსხვილესი ატომური სადგურის დანაკარგის კომპენსაცია სურს.