აშშ

აშშ-მ სომალის სანაპიროსთან გარდაცვლილი ორი სპეცრაზმელის ვინაობა გამოავლინა

აშშ-ს საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების გარდაცვლილი სპეცრაზმელები - კრის ჩეიმბერსი და გეიჯ ინგრამი
Naval Special Warfare Command

11 იანვარს არაბეთის ზღვაში, სომალის სანაპიროს მიმდებარედ, აშშ-ს საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ტაქტიკური ქვედანაყოფი (ე.წ. "ზღვის ლომები") უდროშო ხომალდზე გადასხდომას ცდილობდნენ, რომელსაც, ამერიკული მხარის მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტები ირანიდან იემენში მიჰქონდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ბორტზე ასვლის დროს სპეცრაზმელი ნეითან გეიჯ ინგრამი კიბიდან დაცურდა და ზღვაში ჩავარდა. მის გადასარჩენად კრისტოფერ ჩეიმბერსი მაშინვე ზღვაში გადახტა. ეს მრავალწლიანი წვრთნის შედეგად გამომუშავებული ინსტინქტური ქმედება იყო, მაგრამ ჯავშნით, იარაღითა და აღჭურვილობით დამძიმებული ორი სპეცრაზმელი არაბეთის ზღვამ წაიღო და მის სიღრმეში გარდაიცვალნენ. - განაცხადეს ინციდენტში გარკვეულმა ოფიციალურმა პირებმა.

გუშინ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ 11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დაკარგული სპეცრაზმელების პოვნა ვერ მოხერხდა და ისინი გარდაცვლილად მიიჩნევიან.

მომხდარზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება გაავრცელა; "ჯილი (რედ. ბაიდენის ცოლი) და მე ვგლოვობთ ორი ყველაზე გამორჩეული ამერიკელის ტრაგიკულ სიკვდილს - სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცრაზმელებს, რომლებიც წინა კვირას აღმოსავლეთ აფრიკაში, სანაპიროს მიმდებარედ მისიის შესრულებისას დაიკარგნენ".

ცენტრალური სარდლობის თქმით, სამძებრო სამუშაოებში აშშ-ს, იაპონიისა, და ესპანეთის საჰაერო და საზღვაო ნაწილები იყვნენ ჩართული. დაკარგულ სპეცრაზმელებს ისინი 54 000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრის სივრცეში გაუჩერებლად ეძებდნენ.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურის მაიკლ კურილას თქმით, ისინი მომხდარის გამო გლოვობენ და გარდაცვლილი სპეცრაზმელების ხსოვნას პატივს მიაგებენ. თავდაპირველად, გარდაცვლილთა ოჯახებისადმი პატივისცემის გამო მათი ვინაობა არ ვრცელდებოდა, თუმცა, მოგვიანებით სამხედრო-საზღვაო ძალებმა, ოჯახების შეტყობინების შემდეგ, მათი სახელები გამოაქვეყნეს.

კომენტარები