სუდანის ომი

EU-მ სუდანის ომში ჩართულ 6 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

REUTERS/Thierry Roge/File Photo

ევროპულმა საბჭომ სუდანის ომში ჩართულ 6 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი "სუდანის სტაბილურობისა და პოლიტიკური ცვლილების ძირგამომთხრელ აქტივობებზე" არიან პასუხისმგებელნი.

სუდანში ომი, რომელშიც ერთმანეთს რეგულარული არმია (SAF) და გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალები (RSF) უპირისპირდებიან, გასული წლის აპრილიდან მიმდინარეობს.

EU-ს მიერ სანქცირებულ კომპანიებს შორის მოხვდა SAF-ისთვის იარაღისა და მანქანების მწარმოებელი ორი კომპანია, Defense Industries System და SMT Engineering, ასევე რეგულარული არმიის მიერ კონტროლირებადი კომპანია Zadna International Company for Investment Limited. დანარჩენი სამი კომპანია - Al Junaid Multi Activities Co Ltd, Tradive General Trading და GSK Advance Company Ltd - სამხედრო აღჭურვილობას RSF-ს აწვდის.

"ჩამოთვლილი ორგანიზაციები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას. იკრძალება პირდაპირ ან ირიბად მათთვის ან მათთვის სასარგებლოდ სახსრების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება... ევროკავშირი კვლავ ღრმად შეშფოთებულია ჰუმანიტარული სიტუაციით სუდანში და თავის ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას სუდანელი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ ადასტურებს". - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

მანამდე, 2023 წლის ივნისში აშშ-მ, მოგვიანებით კი დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირეს სუდანში ძალადობის მხარდამჭერები და სამხედრო ჯგუფებთან დაკავშირებული ბიზნესები.

სუდანში სამოქალაქო ომი აპრილში არმიის მეთაურ გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანისა და გასამხედროებული დაჯგუფების, სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) მეთაურს, გენერალ მოჰამედ ჰამდან დაგლოს შორის დაპირისპირების შედეგად დაიწყო.

სამხედრო მმართველობის სამოქალაქოთი ჩანაცვლების მიზნით დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.

ნოემბერში ევროკავშირმა სუდანის დარფურის რეგიონში ძალადობის ესკალაცია დაგმო და მორიგი გენოციდის საშიშროების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. ამ რეგიონში 2003-2008 წლებში 300 000 ადამიანი მოკლეს, 2 მილიონი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

კომენტარები