ევროკავშირის გაფართოება

რამდენად სურთ ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოსა და სხვა კანდიდატების მიღება

ევროკავშირის გაფართოება

რამდენად სურთ ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოსა და სხვა კანდიდატების მიღება

2023 წლის ბოლოს ევროკავშირმა გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა - ზოგისთვის აჩქარებული, ზოგისთვის უპრეცედენტო, ზოგისთვის მოსალოდნელი. ევროპულმა საბჭომ გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინისთვის, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის. ამასთან, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა საქართველოსაც. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ეს გადაწყვეტილება კავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებდა და ლიდერებმა მათ ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, ევროკავშირის მოქალაქეების აზრი ამგვარად ერთსულოვანი ხშირ შემთხვევაში არ არის.

ევროკომისიის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული და 2023 წლის ბოლოს გამოქვეყნებული მოსახლეობის განწყობის კვლევა აჩვენებს, რომ EU-ს მოქალაქეების პოზიციები ბლოკის გაფართოების შესახებ კვლავ არ არის ერთგვაროვანი, ზოგჯერ რადიკალურად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში, თუმცა ბლოკის გაფართოებას მხარს ევროპელების ნახევარზე მეტი მაინც უჭერს.

ევრობარომეტრის კვლევის თანახმად, ამჟამად გაფართოებას ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მოსახლეობის 51% უჭერს მხარს, რაც 2023 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო 2022 წლის მხარდაჭერას 6%-ით ჩამოუვარდება.

Standard Eurobarometer 100

კვლევის ნაწილში, სადაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზეა ყურადღება გამახვილებული, ცალკე ნაწილადაა გამოყოფილი ბლოკში გაწევრიანების გზაზე უკრაინის წინსვლის მხარდაჭერის შესახებ კითხვა. ევროკავშირის მოქალაქეების 61% უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სრულად ეთანხმება, რაც გაზაფხულის მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლებია.

ევროკომისიის კვლევითი სააგენტოს ანგარიშში უკრაინის გარდა სხვა კანდიდატი ქვეყნების შესახებ დამაზუსტებელი კითხვები არ არის, თუმცა მათ შესახებ, მათ შორის საქართველოს მიმართ ევროკავშირის მოქალაქეების განწყობაზე, კვლევა ანალიტიკურმა ცენტრმა საგარეო ურთიერთობათა ევროპულმა საბჭომ (ECFR) 2023 წლის ბოლოს რეპრეზენტაციულად ევროკავშირის 6 ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, დანია, პოლონეთი და რუმინეთი) ჩაატარა. კვლევაში ქვეყნები შერჩეულია იმგვარად, რომ ისინი აერთიანებენ ბლოკის "ძველ" წევრებს, რომლებიც ტრადიციულად შედარებით სკეპტიკურად არიან განწყობილი ევროკავშირის გაფართოების შესახებ, და "ახალ" წევრებს, რომლებიც მეტად ღია არიან გაფართოების პოლიტიკის მიმართ.

კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეები მხარს უჭერენ უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას, შედარებით ნაკლებად თუმცა ასევე პოზიტიურად არიან განწყობილი მოლდოვისა და მონტენეგროს კავშირში მიღების შესახებაც. მოქალაქეები განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან გაწევრიანების გზაზე თურქეთის წინსვლას და "ნელთბილი" განწყობა აქვთ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნების მიმართ.

კვლევის ავტორების მიერ შედგენილი რეპრეზენტაციული მოდელის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების 35% სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის ამჟამინდელ გაფართოების პოლიტიკასა და წინ გადადგმულ ნაბიჯებს, 15% საკითხის მიმართ ინდიფერენტულია, ხოლო 37% მას ეწინააღმდეგება. პასუხები მოსალოდნელად ნაწილდება კვლევის ობიექტ ქვეყნებშიც, სადაც, მაგალითად რუმინელების 51% გაფართოებას მხარს უჭერს, ხოლო საფრანგეთში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 27%-ია.

უნდა აღინიშნოს, რომ ევრობარომეტრისგან განსხვავებით, რომელიც გაფართოების შესახებ კითხვაზე მომავალ წლებზე აკეთებს აქცენტს, ECFR-ი კითხვაში მიმდინარე პერიოდს უსვამს ხაზს.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიან სურათში ზოგადი განწყობა არც ისე რადიკალურად დადებითი ან უარყოფითია, ევროკავშირის მოქალაქეების დამოკიდებულება თითოეული კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში განსხვავებულია. ევროკავშირს ამჟამად წევრობის 9 კანდიდატი ქვეყანა ჰყავს: უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, საქართველო და თურქეთი.

კვლევის თანახმად, ევროპელების 37% სრულად მხარს უჭერს უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას, ხოლო 33% ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ ECFR-ის კვლევის პასუხებში დიდია ინდიფერენტული - უპოზიციო მოქალაქეთა რაოდენობა (განსხვავებით ევრობარომეტრის მეთოდოლოგიისგან), რასაც ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორედ მხარდამჭერის ნაწილს მიაწერენ ხოლმე. უფრო კონკრეტულად, უკრაინის კავშირში მიღებას ემხრობა დანიის მოქალაქეთა 50%, პოლონეთში - 47%, გერმანიაში 47%, რუმინეთში 32% (35% წინააღმდეგია), ავსტრიაში 28% (52% წინააღმდეგია).

კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს სრულად მოქალაქეთა 25% უჭერს, 31% ეწინააღმდეგება, ხოლო 20% პოზიციას არ გამოხატავს. ამას მკვლევრები ერთგვარ "ნელთბილ" განწყობას უწოდებენ და საქართველო მას სხვა კანდიდატებთანაც იზიარებს.

კანდიდატ ქვეყნებს შორის უკრაინის შემდეგ ევროკავშირის მოქალაქეები ყველაზე მეტად მოლდოვისა და მონტენეგროს მიღებას ემხრობიან (30%-30%), მათ მოსდევთ ბოსნია-ჰერცეგოვინა (28%), ჩრდილოეთ მაკედონია (26%), სერბეთი (25%), საქართველო (25%), ალბანეთი (24%), კოსოვო (ე.წ. პოტენციური კანდიდატი - 20%) და თურქეთი (უკვე გაყინული მოლაპარაკებებით - 19%). აღსანიშნავია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და მონტენეგროს გარდა ყველა სხვა შემთხვევაში თანხმობის პასუხს მოწინააღმდეგე პოზიცია აჭარბებს. 

მნიშვნელოვანი საკითხია, რომ განწყობების განსხვავებულობასთან ერთად არსებობს უთანხმოება გაფართოების დროითი ჩარჩოს შესახებაც. კვლევა აჩვენებს, რომ ამ საკითხში ევროკავშირის მოქალაქეები სამ ნაწილად იყოფიან: 35% მიიჩნევს, რომ გაფართოების პოლიტიკა ახლავე უნდა გახდეს მეტად ინტენსიური, 37% მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ამ მომენტში მეტად აღარ უნდა გაფართოვდეს, ხოლო 28% საკითხის მიმართ გულგრილია, ან პოზიციას ვერ გამოხატავს.

ასევე არსებობს უთანხმოება ბლოკის "ძველ" და "ახალ" წევრებს შორისაც. ავსტრიის (53%), გერმანიის (50%) და საფრანგეთის (44%) მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ გაფართოება ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, ხოლო რუმინეთში მოსახლეობის 51% და პოლონეთში 48% მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ახალი წევრები უნდა მიიღოს. დანია გარკვეულწილად გამორჩეულია "ძველ" წევრ ქვეყნებს შორის, მოსახლეობის მხოლოდ 37% ეწინააღმდეგება ნებისმიერ დაუყოვნებლივ გაფართოებას.

კვლევა აჩვენებს, რომ იზრდება შეშფოთება გაფართოების შემდეგ პოტენციურად მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტების შესახებ ევროკავშირის უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერენ, გამოკითხულთა 45%-ს მიაჩნია, რომ ამას "ნეგატიური გავლენა" ევროკავშირის უსაფრთხოებაზე ექნება. 39%-ს ასევე სჯერა, რომ უკრაინის გაწევრიანებას ექნება "ნეგატიური გავლენა" მათი ქვეყნის უსაფრთხოებაზე - მაშინ როცა მხოლოდ 24% ელის "დადებით გავლენას". კვლევაში ასახული განწყობების მიხედვით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების EU-ში გაწევრიანება შედარებით ნაკლებ რისკს შეიცავს.

ევროკავშირის გაფართოებაზე მოქალაქეთა განწყობები მუდმივად ცვალებადია, თუმცა ცალსახაა, რომ ზოგ ქვეყანას სხვებზე მეტად უჭერენ მხარს არა მხოლოდ რიგითი ევროპელები, არამედ ბიუროკრატებიც. კვლევებში ჩანს, რომ საქართველოს მიმართ განწყობები ნამდვილად ნელთბილია და არაერთ სტაჟიან კანდიდატზე უკეთეს მდგომარეობაშიც კია. მეორე მხრივ, ფაქტი, რომ ამჟამად საქართველოს ბლოკში გაწევრიანების ნეგატიურ ეფექტებზე საუბარი აქტიურად არ მიმდინარეობს, მათ შორის, იმაზეც მიუთითებს, რომ ქვეყანას ინტეგრაციისკენ გზის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. პარალელურად, განსაკუთრებით 2019 წლის შემდეგ ევროკავშირში მკვეთრად გაიზარდა ევროსკეპტიკური პარტიების მხარდაჭერა, რამაც არა მხოლოდ გაფართოების პოლიტიკაში, არამედ ბლოკის შიდა პოლიტიკურ სურათშიც შეცვალა განწყობები. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად რიგი ცვლილებები კვლავ მოსალოდნელია, თუმცა ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მომავალში ახალი წევრების მიღებას კვლავ ემხრობა.

კომენტარები