გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, უნგრეთის არჩეულმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ კიევი მეტ უფლებას მიანიჭებს უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს.
Bloomberg იუწყება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მადიარს მოუწოდებს თანამდებობის დაკავების შემდეგ შეწყვიტოს უკრაინის გაწევრიანებისადმი წინააღმდეგობა, რომელიც ვიქტორ ორბანის მთავრობას ჰქონდა, მადიარმა წააყენა პირობები, რომლებიც ძირითადად იმეორებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ორბანმა უკრაინას 2024 წელს წარუდგინა. მოთხოვნები ეხება უნგრული უმცირესობის უფლებებს და უნგრულენოვან განათლებაზე წვდომას.
უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი წლების განმავლობაში ადანაშაულებდა კიევს უკრაინის დასავლეთ ზაკარპატიის რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 150 000 ეთნიკური უნგრელის კულტურული და ენობრივი უფლებების შეზღუდვაში, რასაც კიევი უარყოფს.
აპრილში მადიარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინულ ქალაქ ბერეგოვში პირველი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
"ჩვენ ვთანხმდებით, რომ ზაკარპატიაში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების თავიდან დაწყება. ამის საფუძველზე, ივნისის დასაწყისში ვიწყებ ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ, სიმბოლურად - ბერეგოვოში" - აღნიშნა მადიარმა.
"დროა, რომ უკრაინამ დაასრულოს ათ წელზე მეტი ხნის საკანონმდებლო შეზღუდვები, ხოლო ზაკარპატიის უნგრელებმა აღიდგინონ თავიანთი ყველა კულტურული, ენობრივი, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო უფლებები და კვლავ გახდნენ უკრაინის თანასწორი და პატივცემული მოქალაქეები... თუ ამ საკითხების გადაწყვეტა მოხერხდება, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ უკრაინულ-უნგრულ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას" - დაამატა მადიარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს განათლების საკითხებზე უკრაინის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისებს "პერსპექტიულად, მაგრამ არასაკმარისად" მიიჩნევს.
ზელენსკის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა შემოთავაზებას უპასუხა და აღნიშნა, რომ "პრეზიდენტს ივნისისთვის გრაფიკი ჯერ არ შეუთანხმებია".
მან ასევე დაამატა, რომ "ორმხრივი შეხვედრები თანხმდება ორმხრივი კონტაქტების ფარგლებში".





