აშშ

2 ამერიკელი სპეცრაზმელი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილად გამოაცხადეს

US NAVY

არაბეთის ზღვაში, სომალის სანაპიროსთან დაკარგულ ორ ამერიკელ სპეცრაზმელთან დაკავშირებით აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 10-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დაკარგული სპეცრაზმელების პოვნა ვერ მოხერხდა და ამ დროისთვის ისინი გარდაცვლილად ითვლებიან.

ცენტრალური სარდლობის თქმით, სამძებრო სამუშაოებში აშშ-ს, იაპონიისა, და ესპანეთის საჰაერო და საზღვაო ნაწილები იყვნენ ჩართული. დაკარგულ სპეცრაზმელებს ისინი 54 000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრის სივრცეში გაუჩერებლად ეძებდნენ.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურის მაიკლ კურილას თქმით, ისინი მომხდარის გამო გლოვობენ და გარდაცვლილი სპეცრაზმელების ხსოვნას პატივს მიაგებენ, ხოლო მათი ოჯახებისადმი პატივისცემის გამო, ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება.

სპეცრაზმელები 11 იანვარს გაუჩინარდნენ, როდესაც ცდილობდნენ შეეჩერებინათ უდროშო ხომალდის გადაადგილება, რომელსაც, ამერიკული მხარის მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტები ირანიდან სავარაუდოდ იემენში ან სომალიში მიჰქონდა. სავარაუდო ინფორმაციით, ერთ-ერთი სპეცრაზმელი ძლიერმა ტალღამ გაიტაცა და მეორე სპეცრაზმელი ზღვაში მის გადასარჩენად გადახტა.

თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევა, დიდი ალბათობით ადენის ყურეში მოხდა, სადაც წყალი თბილია, შესაბამისად სპეცრაზმელების მთავარი სირთულე წყალში არა ჰიპოთერმია, არამედ გადაღლა იქნებოდა

კომენტარები