რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლაიენი: უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ საჭიროა, წინააღმდეგობისთვის გავაძლიეროთ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სიტყვით გამოვიდა. მან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის ჩავარდნებზე და უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლაიენის გაფრთხილებით, "უკრაინელებს 2024 წელსა და მის მიღმა პროგნოზირებადი დაფინანსება სჭირდებათ. მათ შეიარაღების საკმარისი და სტაბილური ნაკადი სჭირდებათ, რათა უკრაინა დაიცვან და საკუთარი მართლზომიერი ტერიტორია დაიბრუნონ".

"უკრაინას ამ ომში გამარჯვება შეუძლია, მაგრამ აუცილებელია, ჩვენ მათი წინააღმდეგობის გაწევის უნარიანობა გავაძლიეროთ" . - განუცხადა ლაიენმა დამსწრეებს.

რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ლაიენმა განაცხადა, რომ "რუსეთი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში მარცხს განიცდის". ლაიენის თქმით, უკრაინამ ბოლო პერიოდში ომში წარმატებებს მიაღწია, შესაბამისად რუსეთისთვის "ეს უპირველეს ყოვლისა სამხედრო მარცხია".

ამას გარდა, ლაიენი ამბობს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთმა "ეკონომიკური მარცხი" განიცადა. მან რუსეთის ჩინეთზე მზარდ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი თანდათან უფრო იზოლირებული ხდება, ხოლო მიზნების მიუღწევლობის ფონზე, რუსეთი იძულებულია, ჩინეთს მეტად დაეყრდნოს.

საბოლოოდ, ლაიანის თქმით, "რუსეთი დიპლომატიური კუთხითაც დამარცხდა", ვინაიდან  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფინეთი NATO-ში შევიდა და მალე შვედეთიც მიჰყვება. ხოლო უკრაინა, ლაიენის თქმით, ევროკავშირის წევრობასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.

კომენტარები