არალეგალი მიგრანტები

საფრანგეთიდან ინგლისში ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას 5 მიგრანტი დაიღუპა

Evening Standard 

საფრანგეთიდან ინგლისში ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას ხუთი ადამიანი დაიღუპა. ეს 2024 წელს ლა-მანშის სრუტეში დაღუპული მიგრანტების პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა. ექვსი მიგრანტი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. 

დაღუპული მიგრანტები 72 წევრიანი ჯგუფის ნაწილი იყვნენ, რომლებიც ნავით ლა-მანშის სრუტის გადალახვას ცდილობდნენ. ნავზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ. 

საძიებო სამუშაოებში საფრანგეთის საზღვაო ვერტმფრენი და სამაშველო ხომალდები იყვნენ ჩართული. 72-ვე მიგრანტი, მათ შორის 10 ბავშვი, საფრანგეთში, ქალაქ კალეში დააბრუნეს. სამაშველო ჯგუფებმა წყალში ექვსი ადამიანის გადარჩენა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპული მიგრანტების სხეულები სანაპიროზე გამოირიყული იპოვეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა ხუთი მიგრანტის დაღუპვის ფაქტზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია ლა-მანშის სრუტედან ნავებით მიგრანტების შემოდინება და ადამიანების ტრეფიკინგი შეჩერდეს. 

კომენტარები