არალეგალი მიგრანტები

გერმანიამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არალეგალთა დეპორტაციის პროცესს გაამარტივებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დაამტკიცა შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანას გერმანიაში დარჩენის უფლების არმქონე უფრო მეტი ადამიანის უფრო სწრაფად უკან დაბრუნებისა და დეპორტაციის საშუალებას მისცემს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, კანონპროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ზომების ერთიანობას, რომელიც მოიცავს უფრო ეფექტურ პროცედურებს და ქვეყნის დატოვების ვალდებულების უფრო თანმიმდევრულ აღსრულებას. ასევე, კრიმინალებისა და საზოგადოებისთვის საშიში ადამიანების დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას.

"კანონპროექტით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე პირებმა უფრო სწრაფად დატოვონ ჩვენი ქვეყანა. ამ ნაბიჯით ჩვენ ვაძლიერებთ სოციალურ მხარდაჭერას გერმანიაში ლტოლვილების მიღებისთვის.

ჩვენ ვიღებთ შემაკავებელი ზომების პაკეტს უფრო მეტი და უფრო სწრაფი უკან დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შევძლოთ განვაგრძოთ ჩვენი ჰუმანიტარული ვალდებულებების აღსრულება იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც უნდა დავიცვათ ომისა და ტერორისგან – როგორიც არის 1.1 მილიონი ლტოლვილი უკრაინიდან. თავშესაფრის მიღების ფუნდამენტური უფლების დასაცავად, ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა შევზღუდოთ არალეგალური მიგრაცია.

ყველა, ვისაც არ აქვს დარჩენის უფლება, უნდა დატოვოს ჩვენი ქვეყანა. უკან დაბრუნებულთა რაოდენობა მიმდინარე წელს უკვე 27%-ით მეტია, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თუმცა, ცვლილების მნიშვნელოვანი საჭიროება კვლავ არსებობს. ჩვენი ახალი რეგულაციები გააუმჯობესებს [მათი] სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობებს უამრავ შემთხვევაში. ეს ასევე მოიცავს კრიმინალების და საშიში დამნაშავეების უფრო სწრაფ და თანმიმდევრულ დეპორტაციას. განსაკუთრებით ეს ეხება ორგანიზებულ დანაშაულს, რომელსაც ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედ ვებრძვით.

ამ კანონპროექტით, უფრო მეტად ვპასუხობთ მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ საჭიროებებს, რადგან სწორედ ისინი არიან დეპორტაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელნი". - თქვა ნენსი ფეზერმა.

კანონპროექტი მოიცავს შემდეგ რეგულაციებს:

  • საკონსტიტუციო და ევროპული საკანონმდებლო ჩარჩოების შესაბამისად, სადეპორტაციო პატიმრობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ამჟამად არსებული 10 დღის ვადიდან 28 დღემდე უნდა გაიზარდოს. ეს ხელისუფლებას მეტ დროს მისცემს დეპორტაციის პროცესისთვის მოსამზადებლად.
  • კრიმინალური დაჯგუფებების წევრების ქვეყნიდან გაძევება გაცილებით გამარტივდება და შესაძლებელი იქნება იმის მიუხედავად, არის თუ არა კონკრეტული პიროვნება ნასამართლევი, თუკი დადასტურდება კრიმინალური დაჯგუფების წევრობა.
  • შესაძლებელი გახდება ბინების ჩხრეკა პირადი ინფორმაციის შემცველი ნივთებისა და დოკუმენტების ამოსაღებად, რათა შესაძლებელი გახდეს პირის ვინაობის ეჭვგარეშე გარკვევა.
  • მკაცრ სამართლებრივ პირობებში შესაძლებელი უნდა გახდეს საერთო საცხოვრებლებში, კონკრეტულ ოთახებში შესვლა. ეს მიზნად ისახავს, იმ პირთა დეპორტაციის პროცესის უზრუნველყოფას, რომლებიც საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ.
  • შესვლის უფლებისა და ბინადრობის აკრძალვის დარღვევა დარეგულირდება, როგორც სადეპორტაციო დაკავებისა დამოუკიდებელი მიზეზი.
  • დეპორტაცია აღარ გამოცხადდება პატიმრობაში მყოფი იმ პირებისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან დატოვონ ქვეყანა. გაუქმდება დეპორტაციისთვის აუცილებელი ერთი თვით ადრე გაფრთხილების პრაქტიკაც, რომელსაც წინ უძღოდა მინიმუმ 1-წლიანი შემწყნარებლობა. გამონაკლისი შეეხებათ ოჯახებს, რომელბსაც 12-წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ.
  • შესვლა და ბინადრობის აკრძალვა, ასევე საცხოვრებელი ადგილის მოთხოვნები და სივრიცითი შეზღუდვები, უნდა გახდეს დაუყოვნებლივ განხორციელებადი, რათა გაიზარდოს ამ ზომების ეფექტურობა
  • უნდა აღიკვეთოს, დეპორტაციების ჩაშლის მიზნით ბოროტად გამოყენებული [ლეგალური] თავშესაფრის მიღების განაცხადების შევსების გზა.
  • სისხლის სამართლის დანაშაული გახდება კონტრაბანდული გზით ბავშვთა ქვეყანაში შემოყვანა
  • განსაკუთრებული ხელშეწყობა უნდა მოხდეს ქვეყანაში ადამიანების კონტრაბანდისტული გზებით შემომყვანთა გაძევებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მათ მინიმუმ 1-წლიან პატიმრობას მიუსჯიან, დეპორტაციის ინტერესი განსაკუთრებულად სერიოზული გახდება, რაც დეპორტაციის პროცესს გააადვილებს.
  • ამავდროულად, კანონპროექტი პასუხობს საიმიგრაციო ორგანოებისთვის ტვირთის შემსუბუქების წინადადებებს. კერძოდ, გათავლისწინებულია თავშესაფრის მიღების პროცედურაში ბინადრობის ნებართვის მოქმედების უფრო ხანგრძლივი პერიოდი (გაიზრდება 3-დან 6-თვემდე) და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ზრდა იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ დამატებითი დაცვის უფლება (1-დან 3-წლამდე). ასევე, ელექტრონული ბინადრობის ნებართვა უცხოელთათვის, რომლებსაც აქვთ დასახლების უფლება ან ევროკავშირში მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

კომენტარები