აშშ

ნიუ იორკში სინაგოგის ქვეშ უკანონო გვირაბის გამო დაპირისპირების შემდეგ 9 კაცი დააკავეს

8 იანვარს ნიუ იორკში, ბრუკლინში, უკანონო გვირაბის გამო პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ 9 ადამიანი დააკავეს
Bruce Schaff/AP

ნიუ იორკში სინაგოგის ქვეშ უკანონო გვირაბის გამო პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ ხასიდი ებრაელების ორგანიზაციის, ხაბად ლუბავიჩის, ცხრა წევრი დააკავეს. დაკავებულებს დანაშაულებრივად მიყენებული ზიანი, გაუფრთხილებლობით საფრთხეში ჩაგდება და სახელმწიფო ადმინისტრირების ხელშეშლა ედებათ ბრალად. 

როგორც BBC წერს, უკანონო გვირაბი ხაბად ლუბავიჩის ცენტრალურ შენობასა და ბრუკლინის ქუჩაზე მდებარე სულ მცირე ერთ სხვა შენობას აკავშირებს. რადგან ხაბადის ნაწილი შიშობდა, რომ უკანონო გვირაბი შენობას ზიანს მიაყენებდა, ადგილზე საგანგებო სტრუქტურული ინსპექციის ჩასატარებლად ტექნიკური ინსპექცია გამოიძახეს.

ინსპექციის დროს ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი პოლიციისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, რასაც პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ახალგაზრდებმა, რომლებიც ხაბადის სპიკერმა "ექსტრემისტ სტუდენტებად" მოიხსენია, სალოცავი სივრცის კედელი შეანგრიეს და გვირაბის ცემენტით ავსება სცადეს.

ხაბადის თავმჯდომარე, რაბინმა იეჰუდა კრინსკიმ, პოლიციას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "გული სტკიოდათ ახალგაზრდა აგიტატორების ჯგუფის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის გამო". 

"ეს ოდიოზური ქმედებები გამოძიებული იქნება და სინაგოგის სიწმინდე აღდგება". - თქვა კრინსკიმ. 

გვირაბის აშენების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ჯგუფის შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. ხაბად ლუბავიჩის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯგუფის დამაარსებელი, რაბინი მენახემ მენდელ შნეერსონი, ებრაელთა მესიაა და კვლავ ცოცხალია, რასაც ძირითადი ნაწილი არ იზიარებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს დაპირისპირება უკანონო გვირაბის აშენებასთანაც უნდა იყოს დაკავშირებული. 

ამასთან, ერთ-ერთმა ადგილობრივმა New York Times-თან საუბრისას თქვა, რომ ჯგუფის ნაწილი გვირაბის აშენებას სინაგოგის გაფართოების ასაჩქარებლად ცდილობდა.

შენობა ამჟამად დაკეტილია და მასში გვირაბების ინსპექცია მიმდინარეობს. 

კომენტარები