გაფიცვები გერმანიაში

გერმანიაში მატარებლის მძღოლებმა გაფიცვა დააანონსეს, ფერმერებმა კი გზები გადაკეტეს

გერმანიაში პროფკავშირის წევრებმა, რომლებიც მატარებლის მძღოლებს წარმოადგენენ, განუსაზღვრელი ვადით გაფიცვა დააანონსეს.

კავშირის წევრებმა განუსაზღვრელი ვადით გაფიცვა ხმის მიცემის გზით მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ქვეყნის მთავარ სარკინიგზო ოპერატორთან Deutsche Bahn-თან სამუშაო საათებისა და ხელფასების ზრდის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კავშირის მთავარი მოთხოვნა ცვლის თანამშრომლების სამუშაო საათების კვირაში 38-დან 35-საათამდე ხელფასის დაკლების გარეშე შემცირებაა.

ამავდროულად, კავშირი გაზრდილ ინფლაციასთან გამკლავების მიზეზით ყოველთვიური ხელფასის 555 ევროთი გაზრდას და ერთჯერადად 3 000 ევროს გადახდას ითხოვს.

გასული წლის 8 დეკემბერს მატარებლის მემანქანეებმა 24-საათიანი "გამაფრთხილებელი" გაფიცვა გამოაცხადეს, თუმცა, მხარეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ორი რაუნდის შემდეგ ჩაიშალა. 

გაფიცვების პირველი ტალღა 10 იანვარს დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პარალელურად, გერმანიაში ფერმერების გაფიცვაც მიმდინარეობს, რომლებმაც სხვადასხვა ქალაქებში გზები ტრაქტორებით გადაკეტეს.

პროტესტის მიზეზი გერმანიის მთავრობის გეგმაა, რომელიც აგროკულტურული სუბსიდიების ეტაპობრივ შეწყვეტას ითვალისწინებს. სუბსიდიების შეწყვეტა ხელისუფლებას საბიუჯეტო კრიზისის დასაძლევად გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც სასამართლომ 2024 წლის ბიუჯეტი უკანონოდ მიიჩნია.

ფერმერების თქმით, მთავრობის გეგმები, რომელიც ქვეყანას დაახლოებით 900 მილიონ ევროს დაუზოგავს, მათ ბიზნესებს გააკოტრებს.

გზების გადაკეტვის პარალელურად, პროტესტის მონაწილეებმა გასულ კვირაში იმ ბორანზე შეჭრა სცადეს, რომელზეც ქვეყნის ვიცეკანცლერი, რობერტ ჰაბეკი იმყოფებოდა.

პასუხად გერმანიის მწვანეთა პარტიის წევრმა ვიცეკანცლერმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ის ფერმერებს აფრთხილებს, რომ "მათი პროტესტის უფლება, შესაძლოა, რადიკალურად განწყობილმა გარე ძალებმა გამოიყენონ".

"ისმის გადატრიალების ფანტაზიის შემცველი მოწოდებები, ყალიბდება ექსტრემისტული ჯგუფები, ვხედავთ ღიად გამოფენილ ეთნო-ნაციონალისტურ სიმბოლოებს". - აღნიშნავს ჰაბეკი ჩანაწერში.

აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციების ფონზე გაზრდილია ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) რეიტინგი, რომელიც ფერმერების პროტესტს ღიად მხარს უჭერს. უკანასკნელ გამოკითხვებში AfD-ს გერმანიის სამთავრობო კოალიციაში მყოფ პარტიებზე მაღალი რეიტინგი აქვს.

კომენტარები