რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შიკორსკი: პუტინს უნდა ვუპასუხოთ ენაზე, რაც ესმის, უკრაინას შორი მანძილის რაკეტები მივცეთ

რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი უკრაინაზე რუსეთის ბოლოდროინდელ ფართომასშტაბურ იერიშებს გამოეხმაურა და თქვა, რომ დასავლეთმა კიევს უნდა გადასცეს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და რუსეთის წინააღმდეგ დასწესებული სანქციები გაამკაცროს.

"უკრაინაზე რუსეთის ბოლოდროინდელ თავდასხმებს უნდა ვუპასუხოთ იმ ენაზე, რომელიც პუტინს ესმის: სანქციების გამკაცრებით, რათა მან ახალი იარაღები კონტრაბანდის სახით შეტანილი ნაწილებით ვეღარ შეძლოს და კიევისთვის შორი მანძილის რაკეტების გადაცემით, რაც მათ საშუალებას მისცემს გაანადგურონ გაშვების წერტილები და სამეთაურო ცენტრები". – დაწერა შიკორსკიმ X-ზე.

შიკორსკის თქმით, არ არსებობს საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ უკრაინას დიდი რადიუსის მქონე რაკეტებით დაეხმარონ.

"უკრაინა ATACMS-ებითა და/ან TAURUS-ებით შეიარაღებული თუ იქნება, შეეძლება მისწვდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ყოველ კვადრატულ მეტრს. რუსეთის არც ერთი შტაბი ან რაკეტების გამშვები, ან საბრძოლო მასალის საცავი არ იქნება უსაფრთხოდ. არც ერთი რუსული გემი იქნება უსაფრთხოდ. მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ნების არარსებობა აჩერებს ამას". – დაწერა შიკორსკიმ.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რუსეთს უკრაინაზე ფართომასშტაბური იერიშები მიაქვს. თავდაპირველად, ბოლო პერიოდში უდიდესი დარტყმები 30 დეკემბრის გამთენიისას მიიტანა, რასაც სულ მცირე 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირე ხნის შემდეგ, უკრაინამ რუსეთს ბელგოროდზე საპასუხო დარტყმებით უპასუხა. რუსეთის ინფორმაციით, ამ იერიშების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი. რაკეტები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. როგორც უკრაინულ მედიასთან თავდაცვის წყაროები ამბობდნენ, ეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალური მუშაობის შედეგი იყო. ბელგოროდზე იერიშს რუსეთის დარტყმები მოჰყვა ხარკოვსა და სხვა რეგიონებზე.

კომენტარები