BRICS-ის გაფართოება

არგენტინის პრეზიდენტმა BRICS-ში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა

არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი
Getty Images

არგენტინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ BRICS-ის სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ოფიციალურად თქვა უარი. მილეიმ ამ გადაწყვეტილების შესახებ წერილი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს გაუგზავნა. იმ შემთხვევაში, თუკი ხავიერ მილეი BRICS-ში გაწევრიანებას არ გადაიფიქრებდა, არგენტინა, ეთიოპიასთან, ეგვიპტესთან, ირანთან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად, ორგანიზაციაში 1-ელ იანვარს გაწევრიანდებოდა.

მანამდე, დიანა მონდონომ, რომელიც ახლა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს, განაცხადა, რომ არგენტინა BRICS-ის ეკონომიკურ ჯგუფს არ შეუერთდებოდა. ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ხავიერ მილეიმ თქვა, რომ მისი მმართველობის პირობებში არგენტინა ჩინეთთან, რუსეთთან და ბრაზილიასთან საქმეს არ დაიჭერს.

არგენტინის ახალი პრეზიდენტის მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას ჩინეთის მხრიდან პასუხი მოჰყვა. 21 ნოემბერს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ არგენტინის მხრიდან კავშირების გაწყვეტა "სერიოზულიშეცდომა" იქნება.

BRICS-ის ბლოკში შედიან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. აგვისტოში გამართულ სამიტზე შედგა შეთანხმება, რომ ბლოკი გაფართოვდება, რისთვისაც ორგანიზაციაში, არგენტინის გარდა, საუდის არაბეთი, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები მიიწვიეს.

კომენტარები