რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი უნდა შევაჩეროთ – ბაიდენი უკრაინაზე რუსეთის მასობრივ იერიშს გამოეხმაურა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Drew Angerer/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 29 დეკემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ მასობრივ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების კანონპროექტი.

ბაიდენი განცხადებაში წერს, რომ დღევანდელი საჰაერო იერიში "შეხსენებაა იმის, რომ ამ დამანგრეველი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, პუტინის მიზნები უცვლელი რჩება. მისი მიზანი უკრაინის განადგურება და მისი [უკრაინის] ხალხის დამორჩილებაა". ბაიდენის თქმით, "დიქტატორებსა და ავტოკრატებს" ევროპაში თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მიეცეთ.

"ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მოკავშირეებს იმედები გავუცრუოთ - უკრაინას იმედები გავუცრუოთ. ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც თავისუფლების ძახილს პასუხი არ გასცა". - წერს პრეზიდენტი ბაიდენი.

დღეს, 29 დეკემბერს, უკრაინის ქალაქებზე რუსეთმა მორიგი მასობრივი იერიში მიიტანა, რასაც უკრაინის საჰაერო ძალებში ომის განმავლობაში რუსეთის მიერ მიტანილი უდიდესი იერიში უწოდეს.

"ამდენი სამიზნე ერთდროულად ჩვენს მონიტორებზე ჯერ არ გვინახავს". – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა, იური იგნატმა.

მოგვიანებით, პოლონეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამავე დღეს რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამი წუთის განმავლობაში იყო, რის შემდეგაც უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული რაკეტის ფონზე, პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საგანგებო უშიშროების სხდომა გამართა, ხოლო იმ ადგილზე, სადაც რაკეტა რადარებმა დააფიქსირეს, დაახლოებით 200-მდე პოლიციელი სამძებრო სამუშაოებს ატარებს.

კომენტარები