იერუსალიმის სომხური კვარტალი

30-მდე შეიარაღებული ნიღბიანი იერუსალიმის სომხურ უბანში სომეხ მღვდლებს თავს დაესხა

The times of israel

იერუსალიმის სომხურ უბანში 30-მდე შეიარაღებული ნიღბიანი პირი სომეხ მღვდლებს და სტუდენტებს თავს დაესხა. მათ იერუსალიმის სომხური უბანი დაარბიეს. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ სომხური მედია Zartonk-ი ავრცელებს. 

მოგვიანებით თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ასევე დაადასტურა იერუსალიმის სომხურმა საპატრიარქომ. სომხური მედიის ცნობით, მასიური თავდასხმა კოორდინირებული იყო და თავდამსხმელებმა ბლაგვი იარაღების გარდა, ლეტალური და ნახევრად ლეტალური ნივთიერებები, მათ შორის ნერვული აგენტები გამოიყენეს. 

საპატრიარქოს განცხადებით, თავდასხმა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სომხური კვარტლის დიდი ნაწილის ავსტრალიელ-ისრაელელ ბიზნესმენზე 100 წლით იჯარით გადაცემის საკითხი ხალხის მასობრივი პროტესტის შედეგად ჩაიშალა. 

"ეს არის დანაშაულებრივი პასუხი, რადგან ჩვენ 24 საათის წინ მივიღეთ კანონი სომხური კვარტლის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით. ავსტრალიელ-ისრაელელი ბიზნესმენები დანი ტორმანი (რუბენშტაინი) და ჯორჯ ვარვარი ასე რეაგირებენ სამართლებრივ პროცედურებზე. სომხური საპატრიარქოს ეგზისტენციალური საფრთხე ახლა უკვე ფიზიკური რეალობაა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო მედიას და საზოგადოებას, რომ დაგვეხმარონ სომხური კვარტლის გადარჩენაში" - წერია იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს განცხადებაში. 

საპატრიარქო ისრაელის მთავრობას მოუწოდებს, რომ დაიწყონ გამოძიება დანი როტმანის და ჯორჯ ვარვარის წინააღმდეგ და დაადგინონ მათი კავშირები სომხურ კვარტალზე კოორდინირებულ თავდასხმასთან. 

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი, არქიეპისკოპოსი, დეკანოზი და მღვდელი თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაშავდა. ისრაელის პოლიციამ ორი სომეხი ადამიანი დააკავა. 

კომენტარები