უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, შავ ზღვაში რუსული ფლოტის 20% განადგურებულია. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებისთვის.
მაგრამ ამ პროცესის პარალელურად შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% უკვე აღარ არსებობს". - აღნიშნა დანილოვმა.
26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე მიტანილი იერიშის შედეგად ფეოდოსიის პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, შემდეგ კი უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმაც დაადასტურა.
ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებსა და ყველას, ვინც იერიშში მონაწილეობდა.
ფეოდოსიის პორტში პირველი აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე გაისმა. გაჩნდა ხანძარი, რის შემდეგაც ისმოდა დეტონაციების ხმები.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ძლიერი აფეთქება.
სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხომალდი დატვირთული იყო ირანული კამიკაძე დრონებით, რადგან პირველ აფეთქებებს მძლავრი დეტონაცია მოჰყვა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს უპილოტო საფრენი აპარატები ნოვოროსიისკის პორტიდან გადმოჰქონდათ. შესაძლოა გემზე სხვა სახის საბრძოლო მასალა ინახებოდა.
ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინელებმა მათი სადესანტო ხომალდო ნოვოჩერკასკი დააზიანეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ ორი უკრაინული Су-24-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.