რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შაპსი: უკრაინამ ბოლო 4 თვეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% გაანადგურა

Lucy North/PA Images via Getty Images

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის თქმით, უკრაინის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი სადესანტო გემის განადგურება უარყოფს მოსაზრებას, რომ ომი ჩიხში შევიდა.

"ნოვოჩერკასკის გემის განადგურება გვიჩვენებს, რომ ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობენ, უკრაინაში ომი ჩიხში შევიდა! მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვეში უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% გაანადგურა". - თქვა შაპსმა. 

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რუსეთის დომინანტობა შავი ზღვის აკვატორიაში ეჭვქვეშაა. მისივე თქმით, ახალი საზღვაო კოალიცია გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის მეთაურობით ზღვაში უკრაინის გამარჯვებას ეხმარება.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე მიტანილი იერიშის შედეგად ფეოდოსიის პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, შემდეგ კი უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმაც დაადასტურა.

ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებსა და ყველას, ვინც იერიშში მონაწილეობდა.

ფეოდოსიის პორტში პირველი აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე გაისმა. გაჩნდა ხანძარი, რის შემდეგაც ისმოდა დეტონაციების ხმები.

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ძლიერი აფეთქება.

სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხომალდი დატვირთული იყო ირანული კამიკაძე დრონებით, რადგან პირველ აფეთქებებს მძლავრი დეტონაცია მოჰყვა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს უპილოტო საფრენი აპარატები ნოვოროსიისკის პორტიდან გადმოჰქონდათ. შესაძლოა გემზე სხვა სახის საბრძოლო მასალა ინახებოდა.

ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინელებმა მათი სადესანტო ხომალდო ნოვოჩერკასკი დააზიანეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ ორი უკრაინული Су-24-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

კომენტარები