საქართველოს დროშა

ვარკეთილში დროშა ქარს არ ჩამოუგლეჯია, სამუშაოების გამო, დროებით ჩამოვხსენით – სოხაძე

"ვარკეთილში, მებრძოლთა ქუჩაზე საქართველოს დროშა სატესტო რეჟიმში აღიმართა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დროებით ჩამოიხსნა. ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რასაც ვკითხულობ“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დროშა, რომლის აღმართვაც 317 000 ლარი დაჯდა, ქარმა ჩამოგლიჯა.

რევაზ სოხაძის თქმითვე, დროშის სადგამს 8 მეტრი სიღრმის საძირკველი აქვს რკინა-ბეტონის კონსტრუქციით. მისივე ცნობით, 55-მეტრიანი ლითონის სადგამიც სპეციალიზებულ ქარხანაში აეწყო.

"იმის გათვალისწინებით, რომ დროშას პერიოდულად გამოცვლა სჭირდება, დამატებით შევიძინეთ დროშებიც. ჩატარდა ამხელა სამუშაოები, რაც მთლიანობაში 317 ათასი ლარი დაჯდა და ჩასაფრებულმა ადამიანებმა კი ქილიკი დაიწყეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ დროშის აღმართვას მოხმარდა ეს თანხა" - ამბობს სოხაძე.

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, დროშა სატესტო რეჟიმში აღიმართა და მას კონტრაქტორი აკვირდებოდა.

კომენტარები