რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: პუტინი დასავლეთის ქვეყნებს შუამავლების მეშვეობით ანიშნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურს

ვლადიმირ პუტინი

როგორც ამერიკული გამოცემა The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 2023 წლის სექტემბრიდან სხვადასხვა შუამავლების მეშვეობით დასავლეთის ქვეყნებს უგზავნის სიგნალს, რომ მზადაა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების დასაწყებად. ამერიკული გამოცემას ინფორმაცია კრემლთან დაახლოებული ორი ყოფილი მაღალჩინოსნისა და ამერიკისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ანონიმური საუბრების დაყრდნობით გაავრცელა.

პუტინმა შუამავლობის მეშვეობით დასავლეთს ფაქტობრივად უთხრა, რომ მზად არიან ცეცხლის შესაჩერებლად და კონფლიქტის არსებულს საზღვრებში გასაყინად.

"ისინი ამბობენ, "მზად ვართ ვაწარმოოთ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები". მათ სურთ ბრძოლის ველზე დარჩნენ, სადაც არიან". – ანონიმურად თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამ შემოდგომაზე მაღალი რანგის რუს ჩინოვნიკებს შეხვდა.

ერთ-ერთმა ყოფილმა რუსმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ პუტინს "მართლაც სურს ამჟამინდელ პოზიციებზე შეჩერება" და ის "უკან დახევას ერთი მეტრითაც არ აპირებს".

ამერიკელი მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომას ვლადიმირ პუტინი მსგავსი შეთავაზებებით გამოდიოდა, მაშინ, როცა უკრაინელებმა ხარკოვისა და ხერსონის რეგიონების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს. წყაროების თქმით, პუტინს სურდა დასავლეთისთვის დაენახებინა, რომ დაკავებული ტერიტორიებით კმაყოფილი იყო და მზადყოფნას აცხადებდა ზავისთვის. 

როგორც ამერიკული გამოცემა უსვამს ხაზს, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კიევი მსგავს შეთავაზებას არსებობის შემთხვევაში მიიღებდა, რადგან მათ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება დაისახეს.  ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა პუტინი მათთვის თავგზის არევას ცდილობდეს. ყოფილი რუსი მაღალჩინოსნების თქმით კი, შესაბამისი წარმატების მოპოვების შემთხვევაში კრემლში მოლაპარაკებები გადაიფიქრონ. ერთ-ერთმა აფრიკელმა წყარომ, რომელიც რუსეთსა და უკრაინაში ივნისში იმყოფებოდა და სამშვიდობო პროცესის წარმართვაში მონაწილეობდა, გამოცემასთან აღნიშნა, რომ პუტინს მოლაპარაკებებისთვის კარგად მომზადებული არხი სჭირდება იმ დროისთვის, "როცა დრო მოვა".

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პუტინის წინადადებით შესაძლებელი იქნება უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოდ შენარჩუნება, თუმცა ქვეყნის თითქმის 20% მოსკოვის ხელში დარჩება. წყაროების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი გზავნის მოლაპარაკებების სურვილების სიგნალებს, მას უფრო კონკრეტული შეთავაზება სჭირდება. ამერიკელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ასეთ შეთანხმებას არც ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი არ დათანხმდება.

The New York Times-ისთვის მიცემულ კომენტარში კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ "კონცეფციის თვალსაზრისით, წარმოდგენილი თეზისები არასწორია". მან გაიმეორა პუტინის სიტყვები, რომ ომი მაშინ დასრულდება, როცა რუსეთი ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს.

ამას გარდა, ყოფილი რუსი მაღალჩინოსნების თქმით, შესაძლოა პუტინი მოლაპარაკებას იმ შემთხვევაშიც დათანხმდეს, თუ უკრაინა NATO-ზე უარს არ იტყვის. ანონიმური წყაროები ამას იმით ხსნიან, რომ, სავარაუდოდ, უკრაინას NATO-ში ახლო მომავალში არ მიიღებენ.

კომენტარები