გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

გავაზები და სონღულები ქვეყნიდან უკანონოდ გაჰყავდათ – ფრინველები დროებით ზოოპარკს გადასცეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

"გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოვავლინეთ.

მოქალაქე 9 ერთეული მტაცებელი ფრინველის - გავაზებისა და სონღულების ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში განთავსებული სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით ახდენდა.

მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ფრინველების კანონიერად ფლობისა და ქვეყნიდან გაყვანის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.  

აღნიშნული სამართალდარღვევა თითოეულ ერთეულზე 4-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს" - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით მიღებულ CITES-ის კონვენციას საქართველო 1996 წლიდან შეუერთდა.

კომენტარები