რეფერენტული ფასები

ჯანდაცვა: ზღვრული ფასები 5 000-ზე მეტ წამალზე მოქმედებს, ჩამონათვალი გაფართოვდა

NHS

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაფართოვდა წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. 

უწყება აღნიშნავს, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი იმ წამლებზეც გავრცელდა, "რომლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ".

სამინისტროს ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე,  ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე  მოქმედებს.

"წამლების ჩამონათვალი, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურად მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტებს სრულად მოიცავს.

რეფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს" - აცხადებს უწყება.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

პარლამენტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილები გასულ წელს მიიღო. პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული პროდუქტების რეფერენტული ფასების  ჩამონათვალი დაამტკიცა.

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 2023 წლის 15 თებერვლიდან აღარ შეუძლიათ - თუ აფთიაქები მედიკამენტებს დაწესებულ ფასზე უფრო ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თუკი ფარმაცევტული სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

ზღვრული ფასების დაწესებიდან ერთ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, "ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა". კერძოდ, სამინისტროს მტკიცებით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა".

კომენტარები