საქართველო-აშშ

აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციაზე ხელშეკრულების პარაფირების ცერემონია გაიმართა

აშშ და საქართველო ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების ტექსტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმდნენ. პარაფირების ცერემონია შეერთებულ შტატებში გაიმართა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ბრიუს შვარცმა მოაწერეს.

პარაფირების ცერემონიაზე შოთაძემ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ეს ისტორიული მომენტია.

"ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში. საქართველოსა და შეერთებული შტატებს შორის ძალიან საინტერესო თანამშრომლობის გასული სამი ათწლეული ჩვენი ურყევი მეგობრობის დემონსტრირებაა და ეს ისტორიული დოკუმენტი ამ პარტნიორობის შედეგია. ვამაყობ, რომ ჩემი ოფისი მრავალი წელია წარმოადგენს ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოს საქართველოში, რომელიც კანონის აღსრულების პროცესში ორი ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევას სათავეში უდგას. ხელშეკრულების გაფორმების საბოლოოდ ძალაში შესვლის პროცესი დამატებით სხვა ეტაპებსაც მოიცავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყანა ერთობლივად შეძლებს საჭირო პროცედურების უმოკლეს ვადებში შესრულებას". - თქვა შოთაძემ.

პარაფირების ცერემონიას წინ უძღოდა 2023 წლის იანვარ-თებერვალში მხარეებს შორის გამართული ორმხრივი კონსულტაციები. პარაფირებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების ტექსტი საბოლოოდაა შეთანხმებული. მომდევნო ეტაპები მოიცავს ხელშეკრულების ხელმოწერასაც.

კომენტარები