ჟერარ დეპარდიე

სენაში გადახტა მსახიობი ქალი, რომელიც ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა

telegraph.co.uk "Danton"

ფრანგი მსახიობი, 60 წლის ემანუელ დებევერი მდინარე სენაში გადახტა, მისი გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს. სახანძრო ბრიგადამ ქალი სენიდან ამოიყვანა, თუმცა საავადმყოფოში 1-კვირიანი მკურნალობის მიუხედავად მსახიობი ვერ გადარჩა.

ემანუელ დებევერი პარიზის ერთ-ერთი ხიდიდან სენაში გადახტა იმ დღეს, როდესაც ფრანგულ ტელევიზიაში გადიოდა საგამოძიებო ჟურნალისტური სიუჟეტი ჟერარ დეპარდიეს შესახებ, რომელსაც ბოლოს 10 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის კომენტარების გაკეთებაში სდებენ ბრალს. 

ემანუელ დებევერი ჟერარ დეპარდიესთან ერთად 1982 წლის ფრანგულ ფილმ "დანტონში" მონაწილეობდა, რომლის გადაღებებისას, დებევერის მტკიცებით, ჟერარ დეპარდიემ ის სექსუალურად შეავიწროვა. 2019 წელს დებევერმა გაიხსენა, რომ ფილმ "დანტონის" გადაღებისას ჟერარ დეპარდიე სარგებლობდა გადასაღებ მოედანზე მასთან ფიზიკური სიახლოვით და ერთ-ერთ სცენაში, სადაც ისინი ეტლით მგზავრობენ, დეპარდიემ ხელი მას კაბაში შეუცურა, რასაც ქალი ეწინააღმდეგებოდა. 

ჟერარ დეპარტიეს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში ემანუელ დებევერის გარდა კიდევ ათობით ქალი სდებს ბრალს, მათ შორის, ელენ დარასი, რომელიც დეპარდიესთან ერთად 2007 წელს ფილმ "დისკოზე" მუშაობდა. ასევე, სავარაუდო მსხვერპლებს შორისაა მსახიობი შარლოტ არნო, რომლის თქმით, ჟერარ დეპარდიემ 2018 წელს ის ორჯერ გააუპატიურა. თავად ჟერარ დეპარდიემ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნული ბრალდებები სრულად უარყო.

პარიზის პოლიციამ დაიწყო გამოძიება ემანუელ დებევერის სიკვდილის მიზეზის შესახებ. დებევერის პარტნიორმა თქვა, რომ ქალმა სახლის დატოვებისას შემაშფოთებელი წერილი დატოვა.

კომენტარები