საუდის არაბეთი-ირანი

ირანელები 8-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად საუდის არაბეთში მექის მოლოცვას შეძლებენ

REUTERS/Mohamed Abd El Ghany/File Photo

8 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ირანელი მუსლიმი პილიგრიმები საუდის არაბეთში მოგზაურობას და მექის მოლოცვას შეძლებენ. ირანული მედიის ცნობით, ირანსა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმება ფრენების აღდგენის შესახებ შედგა. 

ფრენები მექის მიმართულებით ირანის 10 სხვადასხვა აეროპორტიდან განხორციელდება. ისლამის წმინდა ქალაქში, მექაში ქააბას ტაძრის მოლოცვა, იგივე ჰაჯი, ისლამის ხუთი ბურჯიდან ერთ-ერთი აუცილებლად შესასრულებელი პროცესია. როგორც ცნობილია, ჯერჯერობით ირანელ პილიგრიმებს მცირე ჰაჯის, ანუ უმრას შესრულება შეეძლებათ, რაც გულისხმობს მექის მოლოცვას ნებისმიერ დროს, გარდა მთვარის წლის უკანასკნელი თვის პირველი ათი დღის განმავლობაში. 

ირანული გამოცემის Fars-ის ცნობით, ირანელი პილიგრიმების პირველი რეისი მექის მიმართულებით 19 დეკემბერს არის დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის თებერვლამდე 70 000 ირანელი პილიგრიმი აპირებს მექაში ჩასვლას და ქააბას ტაძრის მოლოცვას. 

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთსა და ირანს შორის აღნიშნულ საკითხზე და ზოგადად დიპლომატური ურთიერთობების აღდგენის მოლაპარაკებების პროცესში ჩინეთი მედიატორობდა. 

კომენტარები