ოკუპირებული აფხაზეთი

ასადი არაბულ სამყაროში ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებისთვის "ყველა ძალისხმევას" გამოიყენებს

ინალ არძინბა და ბაშარ ალ-ასადი

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.

მარიონეტების განცხადების მიხედვით, ინალ არძინბამ ასადს ასლან ბჟანიას "უთბილესი სურვილები" გადასცა.

არძინბამ ბაშარ ალ-ასადი 2024 წლისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია, რაზეც სირიის დიქტატორი დათანხმდა. 

როგორც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება ამბობს, მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, განიხილეს აშშ-ს "მცდელობები, გააღვივონ კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში". 

მათივე ცნობით, ბაშარ ალ-ასადმა თქვა, რომ გამოიყენებს ყველანაირ ძალისხმევას, რათა არაბულ სამყაროში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტი ფართოდ აღიარონ.

"პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველანაირ ძალისხმევას არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის". – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სეპარატისტების მედია ეყრდნობა.

განცხადების მიხედვით, შეხვედრის დროს ასადმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიას შორის თანამშრომლობის გამყარებისა და "სამეცნიერო კოოპერაციის" აუცილებლობაზე ისაუბრა. ამას გარდა, მან მხარდაჭერა გამოუცხადა ორმხრივ დიალოგს კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებისთვის. ისაუბრეს სირიასა და ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზეც. შეხვედრაზე ისაუბრეს რუს და ბელარუს ინვესტორებთან აფხაზურ-სირიული ერთობლივი სამუშაოს მნიშვნელობაზე.

სირია, სადაც სამოქალაქო ომის დროს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში რუსეთის შეიარაღებული ძალები დაეხმარა, იმ ხუთი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. აფხაზეთის დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს აღიარა, რის შემდეგაც თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 2020 წელს სირიაში აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. 

კომენტარები