არგენტინა

არგენტინა ეკონომიკის "შოკური თერაპიის" ფარგლებში ვალუტის დევალვაციას აპირებს

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი
Tomas Cuesta via Getty Images

არგენტინის ახალი მთავრობა ეკონომიკის შოკური თერაპიის ფარგლებში აპირებს, რომ არგენტინულ პესოს ამერიკულ დოლართან მიმართებით 50%-ზე მეტით შეუმციროს ღირებულება. პრეზიდენტ ხავიერ მილეის თქმით, ქვეყანა ღრმა კრიზისში იმყოფება და მის დასაძლევად მკვეთრი ზომების მიღება არის საჭირო.

ეკონომიკის მინისტრმა ლუის კაპუტომ თქვა, რომ დოლარის გაცვლითი კურსი 391 პესოდან 800 პესომდე გაიზრდება. 2019 წლიდან არგენტინა ვალუტის მკაცრი კონტროლით პესოს ხელოვნურად ამყარებდა, რამაც არაფორმალურ სავალუტო ბაზარზე დოლარზე მოთხოვნა გაზარდა.

კაპუტომ ასევე სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება დაანანონსა, რაც ტრანსპორტისა და ნავთობის სუბსიდირების შემცირებასა და მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტებისა და რეკლამების დაფინანსების შეჩერებას მოიცავს.

მინისტრის თქმით, არგენტინის ისტორიაში ყველაზე ცუდი ეკონომიკური მემკვიდრეობა მიიღო და ჰიპერინფლაციის შესაჩერებლად ნაბიჯებს დგამს. არგენტინაში ბოლო წელს ფასები 150%-ით გაიზარდა. პარალელურად, ქვეყანაში 40% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ნაღდი ფულის რეზერვის სიმწირეა და სახელწიფოს დიდი საგარეო ვალი აქვს.

"რამდენიმე თვით უარესად ვიქნებით, ვიდრე ადრე, განსაკუთრებით ინფლაციის კუთხით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, როგორც პრეზიდენტი ამბობს, უმჯობესია, არაკომფორტული სიმართლე თქვა, ვიდრე კომფორტული ტყუილი". - თქვა კაპუტომ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) არგენტინის ახალი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონა და თქვა, რომ ისინი ქვეყნის ეკონომიკას გააცოცხლებს.

"მივესალმები პრეზიდენტ ხავიერ მილეისა და მისი ეკონომიკური გუნდის მიერ არგენტინის სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ დაანონსებულ გადამწყვეტ ზომებს - მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტაბილურობის აღსადგენად და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის თავიდან ასაშენებლად". - წერს IMF-ის მმართველი დირექტორი კრისტინა გეორგიევა X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

ხავიერ მილეის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი გზავნილი სახელმწიფოს ხარჯების შემცირება იყო. 10 დეკემბერს ლიბერტარიანელმა პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად ფისკალური შოკი გარდაუვალი იქნება. ხოლო მოგვიანებით, მან პირველივე საკანონმდებლო აქტით სამინისტროების რაოდენობა 18-იდან 9-მდე შეამცირა და ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა.

კომენტარები