არჩევნები 2024

პარლამენტმა ე.წ. ლამინირებული პირადობებით ხმის მიცემაზე კანონპროექტი მე-3 მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანოპროექტი, რომლის მიხედვით მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემა არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით შეეძლებათ. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ევროპელი სოციალისტების ლიდერი, ფრიდონ ინჯიაა.

კანონპროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.

18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომლის ავტორიც დეპუტატი ფრიდონ ინჯიაა. 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ელექტრონული პირადობის მოწმობები აქვთ.

ინჯიას მიერ წარდგენილ კანონპროექტში წერია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ნაცვლად პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) და/ან პასპორტისა, მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვთ.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებას. მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. 

"კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას". - აღნიშნა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები