ოკუპირებული აფხაზეთი

იოსელიანი კარბაიას მკვლელობაზე: პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება

საქართველოს სახალხო დამცველი / Facebook

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობას გამოეხმაურა. იოსელიანის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, საქართველოს მთავრობას კი ამ ფაქტის ეფექტიანი გამოძიებისა და დამნაშავეების დასასჯელად, მაქსიმალური ძალისხმევისკენ მოუწოდებს.

"სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ. კერძოდ, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს.

სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას და ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას მოუწოდებს, ზემოაღნიშნულ ფაქტზე მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ  ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე, დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისთვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს". - წერია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

იოსელიანმა კარბაიას მკვლელობაზე ღრმა მწუხარება გამოხატა და მისი ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დაადასტურეს.

"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი". - ამბობენ სუს-ში.

კომენტარები