ოკუპირებული აფხაზეთი

საოკუპაციო რეჟიმმა დაადასტურა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი - სუს

ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.

"აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი". - ამბობენ სუს-ში.

ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

"ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა. (ეს ფაქტი) არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების ძირეული უფლებები უხეშად ირღვევა. სამწუხარო 75-ე წლისთავი". – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

9 დეკემბრის შემდეგ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას დაღუპვის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქე. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

კომენტარები