რუსეთი

იგორ გირკინს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 6 თვით გაუხანგრძლივა

დაკავებული იგორ გირკინი
Reuters

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ულტრანაციონალისტ იგორ გირკინს წინასწარი პატიმრობა 6 თვით გაუხანგრძლივა. 

გირკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 18 ივლისს აღიძრა. პროცესზე ბრალდებულის მხარე აღკვეთის ღონისძიების შერბილებას ითხოვდა, კერძოდ შინაპატიმრობაში გადასვლას. გირკინის ადვოკატები ამბობდნენ, რომ მათ მიერ დაცული ბრალდებული "ნებაყოფლობით უზრუნველყოფდა ტელეფონსა და ნოუთბუქზე წვდომას" და გამოძიებისგან მიმალვას არ აპირებდა, მზად იყო სასამართლოში ჩვენების მიცემისთვის. გირკინმა აქამდე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

იგორ გირკინი 21 ივლისს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.  სექტემბერში, გირკინი, გულის დაავადების საფუძველზე, შინაპატიმრობას ითხოვდა. მოსკოვის სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ იგორ გირკინს სამუდამო პატიმრობა, მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, დაუსწრებლად მიუსაჯა. რეისი MH17-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი - 298 ადამიანი ემსხვერპლა.

31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ იგორ გირკინს რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს.

კომენტარები