ქუთაისის აეროპორტი

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

Netgazeti 

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა – მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 1 514 280-მა მგზავრი ისარგებლა, რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

რაც შეეხება, ნოემბრის მონაცემებს, გასულ თვეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 86%-ით გაიზარდა. ამავე დროით პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 133 732 მგზავრს მოემსახურა. 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში  417 რეისს მოემსახურა, რაც 56%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

"ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4 504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 737 478 რეისი)". - ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ამავე ინფორმაციით, 2023 წლის 16  დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ამასთან, 19 დეკემბრიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი, რომელიც კვირაში სამჯერ სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით იფრენს. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს, ფრენები კი 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

კომენტარები