ბათუმის საქალაქო სასამართლო

პროკურატურა გაასაჩივრებს ცოლზე ძალადობაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა გაასაჩივრებს ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას.

პროკურატურა წერს, რომ არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოში საჩივარს კანონით დადგენილ ვადაში შეიტანს.

"პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა". - წერს პროკურატურა.

მათივე ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღვკეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 10 000 ლარი შეუფარდა.

კომენტარები