ბათუმის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ყოფილი დირექტორი და ბუღალტერი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურეობრივი მდგომარეობის, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ყოფილი დირექტორი და ბუღალტერი დამნაშავედ ცნო.

"ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ჯგუფურად), სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გააზრებით სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ საწარმოს ყოფილმა დირექტორმა, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიული მომსახურების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხებიდან 97 933 ლარი, ხოლო ბუღალტერმა 22 035 ლარი მიითვისა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილმა ბუღალტერმა სრულად აანაზღაურა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი და გამოძიებასთან ითანამშრომლა, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

კომენტარები