რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი არ არსებობს

მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი The Economist-ში გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა და ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მეთაურს, ვალერი ზალუჟნის შორის სავარაუდო კონფლიქტის არსებობა გამორიცხა.

"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კონფლიქტი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივ კომუნიკაციაშია ბატონ ზალუჟნისთან. რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაცია, როდესაც აუცილებელია გარკვეული საუბრების გამართვა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი შეტევითი ოპერაციები, როგორი კორექტირებაა საჭირო, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ეს არის ურთიერთობა ყოველდღიურად სამუშაო ფორმატში". - თქვა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის შეფასებით, უკრაინაში შიდაპოლიტიკური კონფლიქტებით კრემლია დაინტერესებული.

4 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება ჩიხში არ შესულა და უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ზელენსკის ეს განცხადება პასუხია ვალერი ზალუჟნის ინტერვიუზე, რომელიც The Economist-ში გამოქვეყნდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გამოცემას უთხრა, რომ, მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს.

კომენტარები