რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ზალუჟნის კომენტარს გამოეხმაურა და თქვა, რომ ომი ჩიხში არ შესულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება ჩიხში არ შესულა და უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

"ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ გავუშვათ [ბრძოლაში], როგორც რუსეთი აკეთებს". - თქვა ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ.

ზელენსკის ეს განცხადება პასუხია ვალერი ზალუჟნის ინტერვიუზე, რომელიც The Economist-ში გამოქვეყნდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გამოცემას უთხრა, რომ, მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს.

გენერალ ზალუჟნის ინტერვიუს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის კომენტარი ცხადყოფს, რომ კიევის დამატებით დახმარების გადაუდებელი საჭიროება არსებობს.

ზალუჟნის კომენტარს გამოეხმაურა კრემლიც და თქვა, რომ ომი ჩიხში არ შესულა და რუსეთი "განუწყვეტლივ აგრძელებს" უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას.

პრესკონფერენციაზე ზელენსკი გამოეხმაურა დღეს, 4 ნოემბერს NBC News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინასთან განხილვები დაიწყეს, რათა რუსეთთან მოლაპარაკებებზე დაითანხმონ.

"ახლა არავინ ახდენს ჩემზე ზეწოლას. ეს ომამდე და ომის დასაწყისში ხდებოდა. ახლა არცერთი ევროპელი ან ამერიკელი ლიდერი ზეწოლას არ ახორციელებს... რუსეთთან დაჯდომა და მასთან ლაპარაკი, დათმობებზე წასვლა - ეს არ მოხდება". - აღნიშნა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში დღეს, 4 ნოემბერს ჩავიდა და ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქს ომის დაწყებიდან მეექვსედ ეწვია.

კომენტარები